სულ მცირე 139 ადამიანი, მათ შორის 15 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 84 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება ჯიბუტიდან იემენის მიმართულებით მიმავალი ნავის ჩაძირვის შედეგად, რომელზედაც 305 მგზავრი იმყოფებოდა. ამის შესახებ გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) განაცხადა.
მისი ცნობით, ხომალდი 9 ოქტომბრის ღამეს ჯიბუტის საპორტო ქალაქ ობოკის მახლობლად გადაბრუნდა. 82 ადამიანი გადარჩა, ყველა მათგანი ეთიოპიის მოქალაქეა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია მათ ჩვენებებს ემყარება, აცხადებენ გაეროში.
"ჩვენი თანამშრომლები ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად შემთხვევის ადგილზე მუშაობენ და გადაუდებელ დახმარებას უწევენ. ეს ტრაგედია არის მკაცრი შეხსენება იმ საფრთხეების შესახებ, რომლებსაც მიგრანტები ამ მარშრუტზე ეკონომიკური შესაძლებლობების ძიებისას აწყდებიან“, — განაცხადა ჯიბუტიში IOM-ის მისიის ხელმძღვანელმა ალექსანდრ კუასაკმა.
ჯიბუტის ხელისუფლება სამძებრო-სამაშველო ოპერაციას განაგრძობს. გადარჩენილებს სამედიცინო დახმარება უტარდებათ, დაღუპულთათვის კი დაკრძალვის პროცედურები ორგანიზდება.
როგორც Reuters აღნიშნავს, ეთიოპიას სულ უფრო მეტი ადამიანი ტოვებს იქ განახლებული საომარი მოქმედებებისა და შეიარაღებულ ფორმირებებში იძულებითი მობილიზაციის, ასევე გვალვის გამო.
სააგენტოს ინფორმაციით, მიგრანტები იემენისკენ მიემართებოდნენ იმ იმედით, რომ შემდგომში სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებში მოხვდებოდნენ. ამასთან, თავად იემენის მცხოვრებლებიც განაგრძობენ ქვეყნის დატოვებას საუდის არაბეთის მიერ მხარდაჭერილ სამთავრობო ძალებსა და ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰუსიტებს შორის საბრძოლო მოქმედებების სერიოზული გამწვავების ფონზე.
გაერო უკვე რამდენიმე წელია, ჯიბუტის გავლით ეგრეთ წოდებულ აღმოსავლეთის მარშრუტზე მიგრანტების ინტენსიურ ნაკადს აფიქსირებს. ეს გზა დაკავშირებულია უამრავ საფრთხესთან, მათ შორის, საზღვაო კატასტროფებთან, ადამიანებით ვაჭრობასა და ხმელეთზე ჩასვლის შემდეგ თვითნებურ დაკავებებთან. IOM-ის პროექტის Missing Migrants Project-ის მონაცემებით, 2025 წელს ამ მარშრუტზე 900-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ამასთან, იმ ადამიანების რიცხვი, რომლებმაც ასეთი მოგზაურობა გადაწყვიტეს, 18%-ით გაიზარდა.




