აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი მეუღლესთან, უშა ვენსთან ერთად გრენლანდიაში ჩავიდა. 

ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ვენსი გრენლანდიაში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე მივიდა. ამერიკული დელეგაციის შემადგენლობაში არიან ასევე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი მაიკ უოლცი და ენერგო უსაფრთხოების მდივანი კრის ვრაითი.

ვიზიტის თავდაპირველ გეგმებში მოიაზრებოდა, რომ ვიცე-პრეზიდენტის მეუღლე უშა ვენსი და მაიკ უოლცი ძაღლების რბოლას დაესწრებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არც გრენლანდიის და არც დანიის მთავრობას ოფიციალურად არ მიუწვევია.

თუმცა გრენლანდიისა და დანიის მთავრობებისგან წამოსული საპროტესტო რეაგირების შემდეგ, ამერიკული დელეგაცია მხოლოდ სამხედრო ბაზაზე ვიზიტით შემოიფარგლა.

1951 წლის შეთანხმებით, აშშ უფლებამოსილია ამერიკულ სამხედრო ბაზას ნებისმიერ დროს, გრენლანდიის ან კოპენჰაგენის ინფორმირების გარეშეც ეწვიოს.

რამდენიმე საათით ადრე, დედაქალაქ ნუუკში ახალი კოალიციური მთავრობის წარდგენა მოხდა. ახალი პრემიერ-მინისტრის, იენს ფრედერიკ ნილსენის თქმით, აშშ-ს ვიზიტი „პატივისცემის არარსებობის“ სიგნალია და გარე ზეწოლის წინაშე, ერთიანობისკენ მოწოდებით გამოვიდა.

„იმ დროს, როდესაც ჩვენ, როგორც ერი ზეწოლის წინაშე ვართ, ერთად უნდა დავდგეთ“, – განაცხადა ნილსენმა.

დანიის მეფე ფრედერიკ X-მ სოციალურ ქსელში ახალი პრემიერის მიმართ მხარდამჭერი გზავნილი გააკეთა.

„ჩვენ ვცხოვრობთ შეცვლილ რეალობაში. ეჭვი არ უნდა შეიტანოთ, რომ გრენლანდიის მიმართ ჩემი სიყვარული და ჩემი კავშირი გრენლანდიელი ხალხის მიმართ უცვლელია“, – წერს დანიის მონარქი.