მნიშვნელოვანია, რომ ყველა მივიდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. პრეზიდენტი ცდილობს, გაგზავნოს ძალიან მკაფიო გზავნილი, უკრაინელები უნდა მივიდნენ მაგიდასთან და დაიწყონ მოლაპარაკება პრეზიდენტ ტრამპთან წიაღისეულის შეთანხმებაზე, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა.

„ჩვენ გვინდა, უკრაინელებს ჰქონდეთ სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანა. ვფიქრობთ, უკრაინის ჯარები ძალიან მამაცად იბრძოდნენ, მაგრამ ჩვენ ვართ ისეთ წერტილში, სადაც არც ევროპას, არც შეერთებულ შტატებს და არც უკრაინელებს არ შეუძლიათ, უსასრულოდ გააგრძელონ ეს ომი“, – განაცხადა ვენსმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, სჯერა თუ არა, რომ იშვიათი წიაღისეულის შეთანხმება ჯერ კიდევ შესაძლებელია, ვენსმა დადებითად უპასუხა.

„რა თქმა უნდა, მჯერა. ვფიქრობ, პრეზიდენტი კვლავ ერთგულია შეთანხმების მიმართ“, – აღნიშნა ვენსმა.

ამასთან, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, უკრაინელებს არ სურდათ „კეთილსინდისიერად მოლაპარაკება“ და აღნიშნა, როდესაც საქმე უკრაინის დახმარებას ეხება, აშშ-ს უსამართლოდ ექცევიან.

„ეს ნამდვილად სასაცილოა და გულწრფელად რომ ვთქვათ, შეურაცხყოფაა ამერიკელი ხალხისთვის, რომ ევროპელები უკეთეს გარიგებას იღებენ, ვიდრე ამერიკელი ხალხი“, – განაცხადა ვენსმა.

თარგმანი: პირველი არხი