ჯაკარტაში, საპროტესტო აქციაზე მომხდარი შეტაკებების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 900-მდე გაიზარდა

1558767428
ჯაკარტაში, საპროტესტო აქციების ფარგლებში მომხდარი შეტაკებების შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 900-ს გადააჭარბა. ამის შესახებ Reuters-ი, ინდონეზიის დედაქალაქის გუბერნატორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
მისი თქმით, დაღუპულია რვა ადამიანი, მათ შორის სამი მოზარდი. აქამდე ინფორმაცია ვრცელდებოდა 200 დაშავებულის და ექვსი დაღუპულის შესახებ.
საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებები 22 მაისის ღამეს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შეტაკებები ორი დღის განმავლობაში ხდებოდა.
დემონსტრანტებმა პოლიციის თანამშრომლებს ქვები, პეტარდები და მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს. 22 მაისს სამართალდამცველებმა 58 ადამიანი დააკავეს.
საპროტესტო აქციებს ორგანიზება, ოპოზიციური პარტიიდან ინდონეზიის პრეზიდენტობის კანდიდატის მომხრეებმა გაუწიეს. ისინი არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს, რომლის მიხედვითაც, არჩევნებში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ გაიმარჯვა.