ასეთი განცხადებები იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომ La Repubblica-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

გვიდო კროზეტოს თქმით, გუშინ, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის და პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის მონაწილეობით გამართული სამიტი იყო „მცდარი სიგნალი", რომელიც საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ ფრონტს და ირიბად პუტინს ეხმარება.

უნდა მოვერიდოთ ორ-სამკაციან შეხვედრებს - ჩვენ ოცდაშვიდნი ვართ; უნდა მოვერიდოთ ისეთ განცხადებებს, როგორიც მაკრონმა ან პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა ორი დღის წინ (იგულისხმება უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესახებ მაკრონის განცხადება და რადოსლავ სიკორსკის სიტყვები: „ნატოს ზოგიერთი ქვეყნის ჯარისკაცები უკვე იმყოფებიან უკრაინაში" - „აიპრესი"). მე მჯერა, რომ მხოლოდ ერთი ადამიანის მიერ მართულ რუსულ მონოლითთან დაპირისპირება საჭიროებს მკაფიო და არაწინააღმდეგობრივ, კოალიციურად შექმნილ სტრატეგიას, - თქვა კროზეტომ.



ჩვენ შორის ერთიანობის არარსებობის პირობებში რუსეთს ვერ ვაიძულებთ, შეწყვიტოს შეტევა და დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. ომით ჩვენ ყველანი შეშფოთებულები ვართ და ბევრს ეშინია. ჩვენ მხოლოდ 60 მილიონი ვართ და ამ 60 მილიონიდან ძალიან ცოტაა ისეთი, ვინც მზადაა საბრძოლველად. სწორედ ამ მიზეზით ვართ დაინტერესებული ისეთი მსოფლიო წესრიგის აღდგენით, რომელშიც საერთაშორისო სამართალი იქნება დაცული და არავის არ ექნება შიში მასზე თავდასხმის. „ნებისმიერ შემთხვევაში, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ იტალიის ჯარები არასოდეს შევლენ უკრაინაში", - განაცხადა გვიდო კროზეტომ.

იტალიის თავდაცვის მინისტრმა დნესტრისპირეთში რუსეთის შეჭრის რისკების შესახებაც ისაუბრა და თქვა რომ იგი ვალდებულია განჭვრიტოს ყველაზე უარესი სცენარი.

„დილით, როცა სამინისტროში მოვდივარ, იმედი არ მაქვს, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება. უნდა გავითვალისწინო, რომ ომი შეიძლება ხვალ დასრულდეს და ყველანი ბედნიერები ვიქნებით ან ომი შეიძლება გაგრძელდეს და მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდეს, ან რომ პუტინმა შეიძლება სხვა ნაბიჯები გადადგას და სხვა ქვეყნებში შექმნას პრობლემები. ჩვენ ყოველდღიურად ვაანალიზებთ ამ სცენარებს და ვემზადებით“, - თქვა კროზეტომ.