იტალიაში, სულ მცირე, 300 სკოლიდან ევაკუაცია განხორციელდა დანაღმვის შესახებ მასობრივად დაგზავნილი ელექტრონული წერილების შემდეგ, - განაცხადა ქვეყნის განათლების მინისტრმა ჯუზეპე ვალდიტარამ ტელეარხ La7-ის ეთერში. საერთო ჯამში, ასეთი ელექტრონული წერილები 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 6300-მა სასწავლო დაწესებულებამ მიიღო, - იუწყება სააგენტო Reuters სამინისტროს პრესმდივანზე დაყრდნობით.
მუქარის ავტორად მითითებული იყო "მიხაილ ანდროპოვი". გარდა ამისა, "ანდროპოვისგან" წერილები მიიღეს ირლანდიის, ჩრდილოეთ ირლანდიისა და შოტლანდიის საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, - წერს Reuters. იგივე სახელი იყო ნახსენები მუქარის შემცველ შეტყობინებებში, რომლებიც 6 ნოემბერს ირლანდიისა და ბულგარეთის მედიის რედაქციებში დაიგზავნა.
იტალიის სკოლებისთვის დაგზავნილ წერილებში ასევე იყო მუქარა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯა მელონის მისამართით. წინასწარი შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით, მან განაცხადა, რომ საფრთხე არ არსებობს, თუმცა ამ თემაზე თათბირი დააანონსა. მასში მონაწილეობას მიიღებენ ვიცე-პრემიერი მატეო სალვინი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო ტაიანი, თავდაცვის მინისტრი გვიდო კროზეტო, ასევე სადაზვერვო სამსახურებისა და კიბერუსაფრთხოების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელები.
ამასთან, იტალიის განათლების მინისტრმა მომხდარს კიბერშეტევა უწოდა. ვალდიტარა მიიჩნევს, რომ დაგზავნის მასობრიობა "მოწმობს იმაზე, თუ რამდენად ნაკლებად სარწმუნოა ეს მუქარა" და იმაზე, რომ "რეალური რისკი პრაქტიკულად, გამორიცხულია". "ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიფხიზლე, მაგრამ ამავე დროს გვესმოდეს: იმ პირობებში, როდესაც ჰიბრიდული ომი სულ უფრო ხშირად გამოიყენება, როგორც სახელმწიფოების დესტაბილიზაციის ინსტრუმენტი, ჩვენ შესაბამისად მომზადებულები უნდა ვიყოთ", - დასძინა მან.




