იტალიის ქალაქ ტურინში 15 წლის მოზარდი, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობა აქვს, ჰელოუინის ღამეს თანაკლასელებმა რამდენიმე საათის განმავლობაში აწამეს.

ფაქტმა იტალიაში დიდი საზოგადოებრივი აღშფოთება გამოიწვია, ხოლო პროკურატურამ უკვე დაიწყო გამოძიება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მოზარდი ერთ-ერთმა თანაკლასელმა დაარწმუნა, რომ იმ საღამოს ბაბუასთან არ წასულიყო და მის ნაცვლად მიტოვებულ ბინაში წაჰყოლოდა, სადაც, თითქოს, ჰელოუინის წვეულება უნდა გამართულიყო. სწორედ იქ, დაიწყეს მის მიმართ საშინელი ძალადობა.

ბიჭის დედის თქმით, მოზარდს წაართვეს მობილური ტელეფონი, დაბლოკეს მშობლების ნომრები და შემდეგ „ორი საათის განმავლობაში სცემდნენ და აწამებდნენ“.

ბოლოს კი, როგორც დედა აცხადებს, ბავშვი აბაზანაში ჩაკეტეს. იტალიური გამოცემა Corriere della Sera-ს ცნობით, გამოძიება უკვე დაწყებულია. სამართალდამცავები სწავლობენ, იყო თუ არა წამების სცენა მობილურით გადაღებული. დედის თქმით, „ამ მხეცებმა ჩემი შვილი აწამეს და სცემეს — მათგან საშინელება გადაიტანა“.