ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) თანახმად, უკრაინამ, სავარაუდოდ, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტიდან ძალების შეზღუდული რაოდენობით, ტაქტიკური გაყვანა და პოზიციების მდინარე ბახმუტის აღმოსავლეთით გადატანა დაიწყო.
მიუხედავად ამისა, ბახმუტში უკრაინა კვლავ ინარჩუნებს პოზიციებს და დაზუსტებით საუბარი, დატოვებენ თუ არა სამხედროები ქალაქს, ჯერჯერობით ადრეა.
ISW-ის ექსპერტების აზრით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ბახმუტის დაცვა სტრატეგიულად გამართლებულია, ვინაიდან უკრაინა, თავად გაცილებით ნაკლები დანაკარგებით, რუსეთის ცოცხალ ძალასა და შეიარაღებას დიდ ზიანს აყენებს.
ასეთი მოქმედებები მომგებიანია თავდაცვის ძალებისთვის. ასე მოხდა სევერდონეცკი-ლისიჩანსკის ხაზიდან უკრაინელი სამხედროების გასვლის დროს, რამაც ფაქტობრივად ბოლო მოუღო რუსეთის შეტევით ოპერაციებს ლუჰანსკისა და დონეცკის ოლქებში 2022 წლის ზაფხულში, - აღნიშნავენ ექსპერტები.
ISW-ის პროგნოზით, უკრაინელები ქალაქს ეტაპობრივად დატოვებენ და ბრძოლისას რუსული ძალების გამოფიტვას შეეცდებიან.
უკვე რამდენიმე თვეა, რაც დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქი ბახმუტის გარშემო სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. ამ მიმართულებით რუსეთის მხრიდან ძირითადად კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფი იბრძვის.