ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი აგრძელებს დონეცკის ქალაქ სოლედარში ვაგნერის ჯგუფის წარმატებების შესახებ ცნობების გამოყენებას საბრძოლო ძალის რეპუტაციის გასაძლიერებლად. ამის შესახებ ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ყოველდღიურ ანგარიშშია ნათქვამი.
დოკუმენტის თანახმად, ვაგნერის მებრძოლები აცხადებენ, რომ ბოლო რამდენიმე დღეში მათ სოლედარში რამდენიმე ტერიტორია აიღეს. რუსული წყაროები ამ ცნობებს განიხილავენ, როგორც ინდიკატორებს, რომ ვაგნერის ჯგუფის ძალებმა შესაძლოა მალე ალყა შემოარტყან ბახმუტს.
ISW წერს, რომ 9 იანვარს სოციალურ მედიაში ფართოდ გავრცელებულმა საბრძოლო კადრებმა აჩვენეს, რომ ვაგნერის ჯგუფის მებრძოლები ბრძოლებს აწარმოებენ ცენტრალურ სოლედარში, ქალაქის ადმინისტრაციის შენობასთან. ანალიტიკოსების ინფორმაციით, პრიგოჟინმა 9 იანვარს ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ექსკლუზიურად" ვაგნერის ჯგუფის ქვედანაყოფები იკავებენ ადგილს სოლედარში.
ექსპერტების შეფასებით, პრიგოჟინი გააგრძელებს ორივე, დადასტურებული და ყალბი წარმატებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას სოლედარსა და ბახმუტზე, რათა წარმოაჩინოს, ვაგნერის ჯგუფი, როგორც ერთადერთი ძალა, რომელსაც უკრაინაში მიღწევები აქვს.