ამერიკული ანალიტიკური ცენტრის "ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" (ISW) ცნობით, კრემლს კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ძალები უკრაინაში ომისა და სხვა საერთაშორისო ოპერაციებისთვის სჭირდება. ISW–ის შეფასებით, ეს გამოჩნდა 26 ივნისს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გამოსვლიდან.
როგორც ამერიკელი ანალიტიკოსები წერენ, პრიგოჟინის განცხადებამ, რომ მისი მიზანი ხელისუფლების დამხობა არ ყოფილა, შედეგი არ გამოიღო და ლოიალურობაში პუტინი ვერ დაარწმუნა, რადგან 26 ივნისს, რუსეთის პრეზიდენტმა ამბოხების ორგანიზატორებს მოღალატეები უწოდა და შანტაჟის მცდელობაში დაადანაშაულა. ამასთან, პუტინს კონკრეტულად პრიგოჟინი ისევ არ უხსენებია.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, რუსეთს შეეძლო ღალატისთვის დაეპატიმრებინა "ვაგნერის" მეთაურები, თუმცა ამის ნაცვლად, პუტინმა "ვაგნერელებს" შესთავაზა თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში ინტეგრირება, ან ბელარუსში წასვლა.