ისრაელზე რადიკალური მოძრაობა "ჰამასის" ერთ–ერთი ყველაზე მასშტაბური თავდასხმიდან, რომელმაც სათავე დაუდო რეგიონში მორიგ ესკალაციას, ერთი წელი გავიდა.
2023 წლის 7 ოქტომბერს "ჰამასი" მოულოდნელად დაესხა თავს ისრაელს, რის შედეგადაც დაიღუპა 1200 პირი, 250 ადამიანი მძევლად იქნა აყვანილი და ისრაელმა ღაზაში "ჰამასის" წინააღმდეგ ომი დაიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება.
"ისრაელის არმიის საჰაერო თავდასხმების და სახმელეთო იერიშის დროს ერთი წლის მანძილზე ღაზაში 41 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა", – იტყობინება ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო. მისივე ცნობით, დაღუპულთა ნახევარზე მეტი ქალები და ბავშვები იყვნენ.
ისრაელის წინააღმდეგ ლიბანიდან სარაკეტო შეტევებით "ჰამასის" მოკავშირე "ჰეზბოლა" გააქტიურდა.
სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც 2024 წლის ივლისში თეირანში მოკლეს "ჰამასის" ლიდერი ისმაილ ჰანიე, ხოლო სექტემბერში ბეირუთში - "ჰეზბოლას" ლიდერი ჰასან ნასრალა.
საპასუხოდ, ირანმა, რომელიც "ჰამასის" და "ჰეზბოლას" მხარდამჭერია, 1 ოქტომბერს ისრაელზე სარაკეტო იერიში განახორციელა, რასაც წინ უძღოდა ისრაელის განცხადება, რომ ლიბანის სამხრეთში სახმელეთო რეიდიც დაიწყო "ჰეზბოლას" წინააღმდეგ.
კერძოდ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანში "ჰეზბოლას" წინააღმდეგ ინტენსიური საჰაერო ოპერაცია 2024 წლის სექტემბრის ბოლოდან დაიწყეს, ოქტომბრიდან კი ლიბანის სამხრეთში სახმელეთო შეტევაზეც გადავიდნენ. ისრაელი აცხადებს, რომ ამ ოპერაციის მიზანია "ჰეზბოლას" თავდასხმებისგან ქვეყნის ჩრდილოეთის დაცვა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ „დიდი შეცდომა“ უწოდა ისრაელზე ირანის სარაკეტო იერიშს და განაცხადა, რომ საპასუხო ზომებს მიიღებენ. თავის მხრივ, ირანი ისრაელს თავდასხმაზე პასუხის შემთხვევაში უფრო მასშტაბური დარტყმით ემუქრება.
6 ოქტომბერს – "ჰამასის" ისრაელზე თავდასხმის და ისრაელის მიერ ღაზაში ომის დაწყების წლისთავის წინა დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მასობრივი დემონსტრაციები გაიმართა.