ისრაელმა ირანს დაარტყა ადგილობრივი დროით დაახლოებით 3:30 საათზე. მთავარი სამიზნეებია ირანის ბირთვული ობიექტები და ირანის ჯარების სარდლობა.

"ირანის ბირთვული პროგრამის საკვანძო ობიექტებზე განხორციელდა თავდასხმები: ნათანზის ურანის გამდიდრების ცენტრზე, ირანული ბომბის შექმნაზე მომუშავე მეცნიერებზე და ბალისტიკური რაკეტების შექმნის პროგრამის კომპონენტებზე", - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის მოსახლეობისადმი მიმართვაში.

ისრაელის თავდაცვის არმიის (IDF) წარმომადგენელმა ეფი დეფრინმა განაცხადა, რომ თავდასხმებში მონაწილეობა მიიღო 200-მა ისრაელის გამანადგურებელმა, რომლებმაც ირანში 100-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს და გამოყენებული იქნა 330-ზე მეტი სხვადასხვა საბრძოლო მასალა.

ირანმა დაადასტურა ნათანზის ურანის გამდიდრების ქარხანაზე თავდასხმა. ხელისუფლება აცხადებს, რომ რეგიონში რადიაციული ფონი არ არის მომატებული. ქარხნისთვის მიყენებული ზარალი ჯერ კიდევ ფასდება.

ფორდოსა და ისპაჰანში მდებარე კიდევ ორი ბირთვული ობიექტი არ დაზიანებულა, ამის შესახებ დილით ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა.

"ირანის ხელისუფლებასთან შემდგომი კონტაქტები ადასტურებს, რომ ისპაჰანში მდებარე ბირთვული ობიექტი არ დაზიანებულა, - დაწერა სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ სოციალურ ქსელ X-ში. - ამ დროისთვის ფორდოში საწვავის გამდიდრების ქარხანა არ დაზიანებულა".

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ასევე განაცხადეს ირანის დასავლეთში საჰაერო თავდაცვის სისტემებზე ფართომასშტაბიანი თავდასხმის შესახებ. სამხედროების ცნობით, ათობით რადარი და მიწა-ჰაერი რაკეტების გასაშვები დანადგარი განადგურდა.

საჰაერო თავდაცვის სისტემებზე თავდასხმები ნიშნავს, რომ ისრაელი ნიადაგს ამზადებს უახლოეს დღეებში შემდგომი თავდასხმებისთვის.