ისრაელის არმიამ პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასი“ დაადანაშაულა დროებითი ზავის პირობების დარღვევაში და დღეს დილით ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ღაზას სექტორში საბრძოლო მოქმედებები განაახლა.

„ჰამასმა“ დაარღვია ოპერატიული პაუზა და ცეცხლი გაუხსნა ისრაელის ტერიტორიას, რის გამოც ისრაელის თავდაცვის არმიამ ღაზაში საბრძოლო მოქმედებები განაახლა ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ წინააღმდეგ", – აცხადებენ ისრაელის არმიაში.

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დროებითი ჰუმანიტარული ზავის მოქმედების ვადა დღეს, 1 დეკემბერს ადგილობრივი დროით 07:00 საათზე იწურებოდა და ვრცელდებოდა ცნობა ზავის შესაძლო გაგრძელების შესახებ. თუმცა ჯერ კიდევ ვადის ამოწურვამდე, ისრაელის მედიამ გაავრცელა ცნობები, რომ ღაზას სექტორიდან სარაკეტო შეტევა განხორციელდა. ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ შეტევა მოიგერია.

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 22 ნოემბერს მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებდა საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას და ღაზას სექტორში მყოფი, ისრაელიდან გატაცებული მძევლების, ძირითადად ქალების და ბავშვების გათავისუფლებას, ისრაელის ციხეებიდან პალესტინელი ქალების და მოზარდების გაშვებას და ღაზას სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაზრდას.

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 4-დღიანი ზავი 24 ნოემბერს ადგილობრივი დროით 07:00 საათიდან ამოქმედდა და ვადის ამოწურვის შემდეგ გაგრძელდა კიდევ ორი დღით, 30 ნოემბრის 07:00 საათამდე. 30 ნოემბერს დროებითი ზავი კიდევ ერთი დღით, 1 დეკემბრის 07:00 საათამდე გაგრძელდა. 30 ნოემბერს „ჰამასმა“ 8 მძევალი გაათავისუფლა, ხოლო ისრაელმა - 30 პალესტინელი პატიმარი.

7-დღიანი ჰუმანიტარული პაუზის პერიოდში „ჰამასმა“ გაათავისუფლა 100-ზე მეტი მძევალი და ისრაელის საპატიმროები დატოვა 240-მდე პალესტინელმა. დროებითი ზავის ამოქმედებამდე ისრაელი აცხადებდა, რომ ღაზას სექტორში 240-მდე მძევალი იყო.