ისრაელის სამხედრო-პოლიტიკურმა კაბინეტმა 8 აგვისტოს დილით ქალაქ ღაზაზე კონტროლის დამყარების გეგმა დაამტკიცა. ამის შესახებ Reuters პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

"ისრაელის თავდაცვის ძალები მოემზადება ქალაქ ღაზაზე კონტროლის დამყარებისთვის, ამავდროულად, საბრძოლო ზონების გარეთ მყოფ მშვიდობიან მოსახლეობას ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს," - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, გეგმა გულისხმობს პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას ქალაქიდან და იქ სახმელეთო შეტევის დაწყებას.

ნეთანიაჰუმ აღნიშნული ინფორმაცია Fox News Channel-სთვის მიცემულ ინტერვიუშიც დაადასტურა.

"ჩვენ გვინდა უსაფრთხოების პერიმეტრის შექმნა. ჩვენ არ გვინდა მისი მართვა. უსაფრთხოების მუდმივი უზრუნველყოფისთვის საჭიროა "ჰამასის" დაშლა. განსხვავებული მომავლისთვის ერთადერთი გზა ამ ნეონაცისტური არმიის მოცილებაა. "ჰამასი" მონსტრია", - განაცხადა მან.