ისრაელის არმიის ცნობით, სამხრეთ ლიბანში ოპერაცია გრძელდება და ბოლო 24 საათის განმავლობაში „ათობით ტერორისტის ლიკვიდაცია განახორციელეს და უამრავი იარაღი გაანადგურეს“.
"გასული დღის განმავლობაში ისრაელმა საჰაერო იერიში მიიტანა „ჰეზბოლას“ 140-ზე მეტ ობიექტზე ლიბანის 50-ზე მეტ რაიონში, მათ შორის სახმელეთო ჯარების ხელმძღვანელობით", – აცხადებენ ისრაელის არმიაში.
ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანში "ჰეზბოლას" წინააღმდეგ საჰაერო ოპერაცია სექტემბრის ბოლოდან დაიწყეს, 1 ოქტომბრიდან კი ლიბანის სამხრეთში სახმელეთო შეტევაზეც გადავიდნენ. ისრაელი აცხადებს, რომ ამ ოპერაციის მიზანია "ჰეზბოლას" თავდასხმებისგან ქვეყნის ჩრდილოეთის დაცვა.
ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაიძაბა 2023 წლის ოქტომბრიდან, როცა ისრაელმა პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა "ჰამასს" ისრაელის ტერიტორიაზე თავდასხმის, ათასზე მეტი ადამიანის დახოცვისა და მძევლად აყვანის გამო ომი გამოუცხადა და ღაზას სექტორში დიდი მსხვერპლის და ჰუმანიტარული კატასტროფის გამომწვევი სამხედრო ოპერაცია დაიწყო.სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც 2024 წლის ივლისში თეირანში "ჰამასის" ლიდერი ისმაილ ჰანიე, ხოლო სექტემბერში ბეირუთში "ჰეზბოლას" ლიდერი ჰასან ნასრალა მოკლეს.
"ჰეზბოლას" და მის მოკავშირეს, პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა "ჰამასს", რომლებიც ისრაელს მთავარ მტრად მიიჩნევენ, მხარს უჭერს ირანის ხელისუფლება.
1 ოქტომბერს ირანმა ისრაელზე სარაკეტო იერიში მიიტანა. ირანის ხელისუფლება ირწმუნება, რომ ისრაელზე სარაკეტო შეტევის სამიზნე იყო მხოლოდ სამხედრო ობიექტები და ამ ოპერაციით თეირანმა აჩვენა, რომ დაიცავს თავის ხალხს და ინტერესებს. "ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" ცნობით, ისრაელზე დარტყმა იყო პასუხი თეირანში "ჰამასის" ლიდერის ისმაილ ჰანიეს და ბეირუთში "ჰეზბოლას" ლიდერის ჰასან ნასრალას მკვლელობებზე.
ისრაელი ირანს საპასუხო ზომით, ხოლო ირანი ისრაელს პასუხის შემთხვევაში უფრო მასშტაბური დარტყმით ემუქრება.