ოთხი ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა და 60-ზე მეტი დაიჭრა ჩრდილოეთ ისრაელში სამხედრო ბაზაზე დრონით თავდასხმის შედეგად. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, თავდასხმა ჰაიფას სამხრეთით დასახლება ბინიამინა გივათ ადაში მდებარე სამხედრო ბაზაზე მოხდა. დაშავებულთა შორის შვიდი ჯარისკაცის მდგომარეობა მძიმეა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ლიბანურმა „ჰეზბოლამ“ აიღო. დაჯგუფების პრესსამსახურის ცნობით, დარტყმა ხუთშაბათს სამხრეთ ლიბანსა და ბეირუთში ისრაელის თავდასხმების საპასუხოდ განხორციელდა.
„ჰეზბოლა“ თავის განცხადებაში ახალი თავდასხმებით დაიმუქრა, თუ ისრაელის სამხედრო ოპერაცია სამხრეთ ლიბანში გაგრძელდება.