ისრაელი და პალესტინური ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური ჯიჰადი" ცეცხლის შეწყვეტაზე, ეგვიპტის შუამავლობით, შეთანხმდნენ.

შეთანხმება ძალაში იმავე დღეს, ადგილობრივი დროით 22:00 საათზე შევიდა.

ისრაელის მთავრობამ ეგვიპტეს შუამავლობისთვის მადლობა გადაუხადა. ისრაელის ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა ცახი ხანეგბიმ განაცხადა, რომ "დუმილს დუმილით შეხვდება", მაგრამ ისრაელი უპასუხებს მისი უსაფრთხოებისთვის შემდგომ საფრთხეებს, "რაც არ უნდა მოხდეს."

ზავის ხელმოწერის მიუხედავად, ღაზას სექტორიდან პალესტინელების მიერ ისრაელზე სარაკეტო თავდასხმები და ისრაელის საჰაერო ძალების საპასუხო სარაკეტო თავდასხმები რამდენიმე წუთის შემდეგაც გაგრძელდა.

შეთანხმებას მხარეებმა ხუთდღიანი ორმხრივი თავდასხმების შემდეგ მიაღწიეს, რომლის დროსაც, Associated Press-ის ცნობით, სულ მცირე 33 პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის მინიმუმ 13 მშვიდობიანი მოქალაქე.

ისლამისტების მიერ ისრაელზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

10 მაისს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 400-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს.

რამდენიმედღიანი შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ისრაელის თავდაცვის სამინისტროს თქმით, მათ მოახერხეს "ისლამური ჯიჰადის" რამდენიმე ლიდერის ლიკვიდაცია.