ისრაელის რიგ ქალაქებში შაბათს, 29 აპრილს, კიდევ ერთხელ გაიმართა მასობრივი საპროტესტო აქციები მთავრობის სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ, რომელსაც პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ხელმძღვანელობდა. ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი აქცია, მედიის ცნობით, თელ-ავივში შედგა, სადაც ქუჩებში 160 000-მდე ადამიანი გამოვიდა.

სააგენტო AFP-ის ცნობით, მომიტინგეების ნაწილი თელ-ავივის ცენტრში ისრაელის დროშებითა და ანთებული ჩირაღდნებით მივიდა. "ისტორია გიყურებს", - ეწერა ერთ-ერთ პოსტერზე.

ისრაელის სასამართლო სისტემის რეფორმირების გეგმები, მემარჯვენე, ულტრამემარჯვენე და ულტრარელიგიური პარტიების ახალმა კოალიციურმა მთავრობამ, 2022 წლის დეკემბერში, ფიცის დადებისთანავე გამოაქვეყნა. რეფორმის მომხრეები მიიჩნევენ, რომ უზენაესი სასამართლო თავისი ფართო უფლებამოსილებით არღვევს ხელისუფლების დანაწილების პრინციპს და ხელისუფლების შტოების პოზიცია უფრო დაბალანსებული უნდა იყოს.

იმავდროულად, ოპოზიცია შიშობს, რომ სასამართლო რეფორმამ, შესაძლოა, კონტროლსა და ბალანსის განადგურებით და პოლიტიკოსებისთვის ძალიან დიდი ძალაუფლების მინიჭებით საფრთხე შეუქმნას ისრაელის დემოკრატიას. კერძოდ, გააკრიტიკეს ეგრეთ წოდებული პრიორიტეტული პუნქტი, რომელიც ქნესეთს (ისრაელის პარლამენტს) საშუალებას აძლევს, უზენაესი სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება პოტენციურად გააუქმოს.

როგორც ზოგიერთი ექსპერტი აღნიშნავს, კანონმდებლების შესაძლო გავლენა უზენაეს სასამართლოზე შეიძლება, პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს დევნის თავიდან აცილებაში დაეხმაროს. 73 წლის პოლიტიკოსი ისრაელის ისტორიაში  მთავრობის პირველი მოქმედი მეთაურია, რომელიც გაასამართლეს კორუფციის, თაღლითობისა და ნდობის დარღვევის ბრალდებით. პრემიერ-მინისტრი ყველა ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

იანვრის შუა რიცხვებიდან ისრაელში, სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ, მასობრივი საპროტესტო აქციები რეგულარულად იმართება. თებერვლის ბოლოს კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა. თუმცა, მარტის ბოლოს, ნეთანიაჰუმ, მასობრივი არეულობის ფონზე, მისი შემდგომი განხილვა გადადო. მოსალოდნელია, რომ სასამართლო რეფორმის შესახებ კანონპროექტის მეორე და მესამე მოსმენა 1 მაისს, ქნესეთის ზაფხულის სესიის გახსნის შემდეგ ჩატარდეს.

27 აპრილს იერუსალიმში სასამართლო რეფორმის მხარდამჭერთა დემონსტრაცია გაიმართა. სააგენტო dpa-ს ინფორმაციით, აქციაში 200 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.