აშშ-ის მიერ კუნძულ ლარაკის დაბომბვის შემდეგ ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსმა იორდანიაში ამერიკულ ბაზებს შეუტია.
ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსმა (IRGC), მას შემდეგ, რაც ამერიკულმა ძალებმა ირანის კუნძულ ლარაკზე ჰორმუზის სრუტეში საზღვაო ნაღმების გასაშვებად მზადყოფნ მდგომარეობაში მოყვანილი ორი სარაკეტო დანადგარი დაბომბეს, იორდანიაში ამერიკულ ბაზებზე თავდასხმის შესახებ განაცხადა.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, IRGC აცხადებს, რომ კუნძულ ლარაკზე აშშ-ის თავდასხმის შედეგად რამდენიმე ირანელი მებრძოლი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაიჭრა.
საინფორმაციო სააგენტო „ფარსის“ ცნობით, ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ თეირანი „ომისკენ არ მიისწრაფვის“, მაგრამ „ნებისმიერი აგრესიის წინაშე უმოქმედოდ არასდროს არ დარჩება“.
რეგიონში არასტაბილურობა და არეულობა არცერთი ქვეყნის ინტერესებში არ შედის და ყველასთვის გამოწვევა იქნება“, - დასძინა მან.
პეზეშკიანმა ეს კომენტარები ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში შანხაის თანამშრომლობის სამიტზე გამგზავრების წინ გააკეთა.
აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა „ალ ჯაზირას“ განუცხადა, რომ ამერიკულმა ძალებმა იორდანიისკენ გაშვებული ირანის რაკეტები ჩაჭრეს. მის საჰაერო სივრცეში შეღწეული რვა რაკეტის ჩაჭრის შესახებ ასევე განაცხადა იორდანიის არმიამ.
რამდენიმეკვირიანი პაუზის შემდეგ განახლებულ სამხედრო დარტყმებს ლონდონის საფონდო ბირჟაზე ნავთობის ფასის ზრდა მოჰყვა. თბილისის დროით 09:38 საათისთვის ერთი ბარელი ბრენტის მარკის ნავთობის ფასი 2.8 დოლარით იყო გაზრდილი და 90.96 დოლარს უტოლდებოდა.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




