ჰორმუზის სრუტეში განლაგებული გემები ირანისგან დაუყოვნებლივ მიიღებენ პასუხს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქაზემ ღარიბაბადიმ ბრიტანული და ფრანგული სამხედრო ხომალდების განლაგებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ქაზემ ღარიბაბადის განცხადებით, ჰორმუზის სრუტის ტერიტორიაზე გამანადგურებლების ნებისმიერი სახის განლაგება, „გადაზიდვების დაცვის საბაბით“, კრიზისის ესკალაციაა და სრუტე არ წარმოადგენს არარეგიონული ძალების საკუთრებას.
ამასთან, მისივე თქმით, საზღვაო უსაფრთხოება ვერ იქნება უზრუნველყოფილი სამხედრო ძალის დემონსტრირებით, მით უმეტეს მათ მიერ, ვინც „საკუთარი მხარდაჭერით, მონაწილეობით ან აგრესიასა და ბლოკადაზე დუმილით, თავად წარმოადგენენ პრობლემის ნაწილს“.
„ფრანგმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ სამხედრო ხომალდების ამოცანაა ნაღმების გაწმენდა და გემების ესკორტირება, მას შემდეგ, რაც სიმშვიდე აღდგება. ჩვენ მათ ვახსენებთ, რომ ომის თუ მშვიდობის დროს, მხოლოდ ირანის ისლამურ რესპუბლიკას შეუძლია ამ სრუტეში უსაფრთხოების უზრუნველყოფა და არ დაუშვებს, რომ ამ საკითხში რომელიმე ქვეყანა ჩაერიოს. ჰორმუზის სრუტეში ფრანგული და ბრიტანული სამხედრო გემების, ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის ხომალდების ყოფნა, რომლებიც შესაძლოა, ჩართულნი იყვნენ აშშ-ის უკანონო და საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგო ქმედებებში, ირანის ისლამური რესპუბლიკის მხრიდან დაუყოვნებლივ და გადამწყვეტ პასუხს მიიღებს. ამიტომ მათ მკაცრად ვურჩევთ, სიტუაცია კიდევ უფრო არ გაამწვავონ“, – წერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთი ჰორმუზის სრუტეში სამხედრო გემს აგზავნის. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სამეფო საზღვაო ძალების HMS Dragon-ის ტიპის გემი მონაწილეობს განაღმვით ოპერაციებში და დაიცავს გემებს მკაცრი თავდაცვითი გეგმის ფარგლებში.
„წინასწარი განთავსების გეგმა უზრუნველყოფს, რომ გაერთიანებული სამეფო მზად იყოს საფრანგეთთან ერთად, ერთობლივი ხელმძღვანელობით შექმნილი მრავალეროვნული კოალიციის შემადგენლობაში სრუტის უსაფრთხოების დასაცავად, როდესაც პირობები ამის საშუალებას მოგვცემს“, – განაცხადეს სამინისტროში.









