ირანის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ფრენები 24 საათით შეჩერდება.

როგორც თეირანში განმარტეს, ეს ნაბიჯი "რეგიონში ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფადაა" გადადგმული.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ისრაელზე ირანის სარაკეტო დარტყმებმა ახლო აღმოსავლეთის საჰაერო სივრცეში სერიოზული პრობლემები გამოიწვია.

რამდენიმე ავიაკომპანიამ შეცვალა მარშრუტები ან გააუქმა რეისები. მათ შორის არიან: Etihad Airways, Emirates Airlines, Qatar Airways, Flydubai. ავიაკომპანიებმა ერაყსა და ირანში ყველა რეისი გააუქმეს, ზოგიერთმა ასევე, ისრაელისა და იორდანიის მიმართულებითაც.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ ოქტომბერს ირანმა ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.

ისრაელის არმიის წინასწარი მონაცემებით, ირანმა ისრაელის მიმართულებით 180 რაკეტა ისროლა.

ირანის ცნობით, მისი გუშინდელი სარაკეტო იერიშის სამიზნე თელ-ავივთან მდებარე სამი სამხედრო ბაზა იყო.

ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ ირანის მიერ ნასროლი რაკეტების ნაწილი სამიზნემდე მიღწევამდე ჩამოაგდეს, ზოგიერთი კი ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში აფეთქდა.

ისრაელი ირანს საპასუხო ზომებით ემუქრება.

ისრაელმა ნება დართო ადგილობრივებს, დატოვონ თავშესაფრები.

დასავლეთის ლიდერების ნაწილმა და აშშ-მა ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმა უკვე დაგმო.