ვლოცულობთ პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისისა და მისი თანმხლები დელეგაციისთვის - აზერბაიჯანი მზადაა ირანისთვის ყველა შესაძლო მხარდაჭერის აღმოსაჩენად,- ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს, ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ებრაჰიმ რაისთან მეგობრული გამომშვიდობების შემდეგ, ჩვენ სერიოზულად შეგვაშფოთა ცნობამ, რომ ვერტმფრენმა, რომელშიც მაღალი დელეგაცია იმყოფებოდა, ირანში ავარიული დაშვება განახორციელა . ვლოცულობთ პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისისა და მისი თანმხლები დელეგაციისთვის. როგორც მეზობელი, მეგობარი და მოძმე ქვეყანა, აზერბაიჯანის რესპუბლიკა მზადაა ყველა შესაძლო მხარდაჭერის აღმოსაჩენად“, - წერს ალიევი.

შეგახსენებთ, მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი, რომლითაც იბრაჰიმ რაისი აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე ირანის პროვინციიდან თეირანში ბრუნდებოდა, ირანის პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანში ჩამოვარდა. ამასთან, მოგვიანებით ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ირანის პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანში პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენი „მძიმედ დაეშვა“.