დღევანდელი აზერბაიჯანი, ამ სიტყვის ნამდვილი გაგებით, მსოფლიოს უძლიერეს ქვეყნებს შორისაა,- ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა.
მისივე თქმით, მთავარი ამოცანა ქვეყანამ რამდენიმე თვის წინ გადაწყვიტა, როდესაც სრულად აღადგინა სუვერენიტეტი.
ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანის დამოუკიდებელი ისტორიის ყველაზე გადამწყვეტი მომენტი იყო 2003 წელი, როდესაც აზერბაიჯანელმა ხალხმა სწორი არჩევანი გააკეთა და ისტორია სხვა მიმართულებით რომ წასულიყო, შეუძლებელია იმის ცოდნა, თუ რა სახის უბედურება და ტრაგედია შეიძლებოდა შექმნოდა სახელმწიფოს.
ალიევის თქმით, ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ აზერბაიჯანმა ყველაფერი იცოდა ყარაბაღში არსებულ ვითარებაზე და ბოლო ოპერაციის ჩატარება ნებისმიერ დროს შეეძლო, რაც აცნობა როგორც სომხეთს, ასევე საერთაშორისო მოთამაშეებს.
„ამ მოვლენების მსვლელობამ აჩვენა, რომ ეს არ არის მხოლოდ სომხეთისთვის, ეს უნდა იყოს გაკვეთილი მათთვის, ვინც სომხეთის უკან დგას – შეუძლებელია ჩვენთან მოპყრობა მუქარით ან ქედმაღლობით“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.