NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO-მ 75 წლის განმავლობაში აღკვეთა თავდასხმა თავის ნებისმიერ მოკავშირეზე და ეს შეძლო, რადგან მათ მკაფიოდ ჰქონდათ განსაზღვრული, რომ მზად არიან მოკავშირეების დასაცავად.

„NATO-ს მთელი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ თავდასხმა ერთ მოკავშირეზე, გამოიწვევს საპასუხო რეაგირებას მთლიანი ალიანსისგან. ვიდრე ამ გზავნილს ვიცავთ, ჩვენ ერთად ვახდენთ ნებისმიერი სამხედრო თავდასხმის პრევენციას, ნებისმიერ მოკავშირეზე“, – აღნიშნავს nato-ს გენერალური მდივანი.

იენს სტოლტენბერგის თქმით, NATO-ს მიზანია, აღკვეთოს ომი და შეინარჩუნოს მშვიდობა, რათა თავიდან აირიდოს ალიანსის მოკავშირეებზე თავდასხმა.

„ამას ათწლეულების განმავლობაში წარმატებულად ვახორციელებდით, რადგან ჩვენი შეკავება არის სანდო. ნებისმიერი ვარაუდი, რომ ჩვენ არ ვდგავართ ერთმანეთის გვერდით ან არ ვაპირებთ ერთმანეთის დაცვას, ძირს უთხრის ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებას, ზრდის რისკებს და სწორედ ამიტომაა ასეთი მნიშვნელოვანი, როგორც მოქმედებით, ასევე სიტყვებით, მკაფიოდ იყოს გაჟღერებული, რომ ჩვენ ვიცავთ NATO-ს ვალდებულებას, დავიცვათ თითოეული მოკავშირე“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

იენს სტოლტენბერგის განმარტებით, ტრამპისადმი მისი გზავნილია, რომ ძირი არ გამოუთხაროს NATO-ს შეკავების სანდოობას.

„ეს ეხება როგორც შესაძლებლობებს, რომელშიც ინვესტიციებს ვახორციელებთ, ასევე იმას, როგორ ვაწარმოებთ კომუნიკაციას. ჩვენი შეკავების სისტემას მეტოქეები ითვალისწინებენ და არ უნდა მივცეთ მათ არასწორი დასკვნების გაკეთების საშუალება მოსკოვში, ჩვენს მზაობასთან, ვალდებულებასთან დაკავშირებით, დავიცვათ თითოეული მოკავშირე. ამის მიზეზი კი არა კონფლიქტის პროვოცირება, არამედ მისი თავიდან არიდებაა“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.