NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მას შემდეგ, რაც 2014 წელს საინვესტიციო დაპირება დაიდო, ალიანსის მოკავშირეებმა თავდაცვის ხარჯები მნიშვნელოვნად გაზარდეს. ამის შესახებ მან ალიანსის თავდაცვის მინისტერიალის წინ გამართულ პრეს–კონფერენციაზე ისაუბრა.

"მაქვს მოლოდინი, რომ წელს NATO-ს 18 მოკავშირე თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს დახარჯავს. ალიანსის ევროპული ქვეყნები წელს თავდაცვაში 380 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებენ. ისტორიაში პირველად, ეს მათი ერთობლივი მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს შეადგენს. ასე რომ, ჩვენ რეალურ პროგრესს ვაღწევთ. ევროპელი მოკავშირეები უფრო მეტს ხარჯავენ. თუმცა ზოგიერთ მოკავშირეს ჯერ კიდევ აქვს გასავლელი გზა. ჩვენ ვილნიუსის სამიტზე შევთანხმდით, რომ ყველა მოკავშირემ უნდა ჩადოს 2% და ეს 2% არის მინიმალური", – განაცხადა სტოლტენბერგმა.