"მხოლოდ უკრაინის გადასაწყვეტია, რა პირობებია მისთვის მისაღები რუსეთის შეჭრის შემდეგ ნებისმიერ მოლაპარაკებაში მონაწილეობისთვის" - ამბობს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ალიანსის პოზიცია არ შეცვლილა.

დისკუსია და დაბნეულობა უკრაინა-რუსეთის შესაძლო მოლაპარაკებების და ამ პროცესში კიევის მიერ ტერიტორიებზე უარის თქმის თაობაზე ალიანსის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის კომენტარებმა გამიწვია. 15 აგვისტოს ნორვეგიაში, არენდალში ერთ-ერთი დისკუსიის დროს, ნატოს გენერალური მდივნის ადმინისტრაციის უფროსმა თქვა, რომ უკრაინის მიერ ტერიტორიის დათმობა შეიძლება იყოს გამოსავალი კონფლიქტის დასრულებისთვის. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ძლიან რთულ მდგომარეობაშია სამხედრო თვალსაზრისით და რომ "არალეალისტურია [მის მიერ] ახალი ტერიტორიების დაკავება". სტიან იენსენმა ასევე გაიმეორა ნატოს პოზიცია, რომ ნებისმიერი მოლაპარაკება რუსეთთან მხოლოდ კიევზეა დამოკიდებული.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და მთავრობის სხვა რამდენიმე წარმომადგენელმა მისი კომენტარი გააკრიტიკა. „ჩვენ ყოველთვის ვვარაუდობდით, რომ [ჩრდილო-ატლანტიკური] ალიანსი, ისევე, როგორც უკრაინა, არ ვაჭრობს ტერიტორიებით“, - დაწერა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეჰ ნიკოლენკომ 15 აგვისტოს "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ განცხადებაში. მისი თქმით, ასეთი შეთავაზებები მხოლოდ „რუსეთს ემსახურება“. მოგვიანებით იენსენმა თქვა, რომ ნანობს ამგვარი კომენტარის გაკეთებას.

იენს სტოლტენბერგმა კი კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ყველა გადაწყვეტილება მხოლოდ კიევის პრეროგატივაა და სწორედ მისი გადასაწყვეტია რა პირობებით ისაუბრებს მოსკოვთან და რა იქნება მისთვის "მისაღები გადაწყვეტა". "[იენსენის] გზავნილი, და ჩემი მთავარი გზავნილიც არის ნატოს გზავნილი, უპირველეს ყოვლისა ის, რომ ნატოს პოლიტიკა უცვლელია: ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას", - განაცხდა სტოლტენბერგმა.

ვილნიუსში ნატოს სამიტისას გადაწყდა, რომ უკრაინა ნატოს წევრი "წევრობის სამოქმედო გეგმის" გარეშე გახდება, როცა ყველა პირობა დაკმაყოფილდება, და რომ ქვეყანამ საკუთარი საგარეო პოლიტიკურ-სამხედრო კურსი რუსეთის ჩარევის ან კარნახის გარეშე უნდა აირჩიოს.

 წყარო: "ამერიკის ხმა"