ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა NATO–ში გაწევრიანებას მისცემდა ხმას, ამგვარი გადაწყვეტილება ახლა რომ ყოფილიყო მისაღები. კვლევის ეს შედეგები NATO–ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სიტუაციის შეფასების წლიური ანგარიშის პრეზენტაციაზე გამოაცხადა.

მისი თქმით, NATO– ს დაკვეთით ჩატარებულმა გამოკითხვამ ყველა წევრ ქვეყანაში აჩვენა საზოგადოების მაღალი და ცალსახა მხარდაჭერა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრობის მიმართ.

„მაგალითად, შეერთებულ შტატებში NATO–ში გაწევრიანების წინააღმდეგ ხმას მხოლოდ 13% აძლევს“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

„ჩვენი მოქალაქეების 80%-ზე მეტს სჯერა, რომ ჩრდილოეთ ამერიკამ და ევროპამ უნდა გააგრძელონ თანამშრომლობა ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის“, - დასძინა გენერალურმა მდივანმა.

ეს შედეგები ეწინააღმდეგება დონალდ ტრამპის მუქარას ალიანსში აშშ-ის წევრობის შეწყვეტის შესახებ.