ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური პორტალი asahi ავრცელებს.
5 იანვარს, დილის 05:00 საათზე, ტოკიოს კოტოს რაიონის ტოიოსუს თევზის ბაზრობაზე, აპლოდისმენტების და ზარების რეკვის შემდეგ, წლის პირველი აუქციონი გაიმართა.
აუქციონზე გატანილი, ჩრდილოეთ იაპონიის აომორის პრეფექტურის ქალაქ ომასთან დაჭერილი 212 კგ-იანი ცისფერი ტუნა Ginza Onodera-ს სასაუზმეებისთვის რესტორნების ოპერატორმა Onodera Group-მა, საბითუმო ვაჭრობის კომპანია Yamayuki-ის მეშვეობით, 36,04 მილიონ იენად (273 ათასი დოლარი) შეიძინა.
„მინდა, რომ <ჩვენმა> ბევრმა მომხმარებელმა ისიამოვნოს საუკეთესო თინუსით“, - თქვა Onodera Food Service Co-ის პრეზიდენტმა სინძი ნაგაომ.
ითვლება, რომ წლის პირველ აუქციონზე საუკეთესოდ მიჩნეული თინუსის ყიდვა წარმატებულობის ნიშანია და ტრადიციისამებრ, მყიდველი თავის მომხმარებლებს მისგან დამზადებულ ულუფებს ჩვეულებრივ ფასში აწვდის.
წლევანდელ აუქციონზე ექსპერტებს საუკეთესოს წოდების პრეტენდენტთა ხუთეულში 136კგ, 206,4კგ, 123,8კგ, 212კგ და 207,4 კგ წონის თინუსები ჰყავდათ შეყვანილი. Yamayuki-ის პრეზიდენტ იამაგუჩის თქმით, მან ახალი წლის დადგომის წინა დღეს შეიტყო, რომ ომასთან დაიჭირეს 212 კგ წონის არაჩვეულებრივი ცისფერი თინუსი, რომელიც საბითუმო მოვაჭრე სუისანმა შეიძინა. იამაგუჩის ყურადღება 212 კგ-იანმა თინუსმა წონის გარდა იმით მიიპყრო, რომ სხვა თინუსები მასზე ერთი კვირით ადრე დაჭერილები და შესაბამისად, ნაკლებად ღირებულები იყვნენ. ვაჭრობის პროცესში კონკურენტები იამაგუჩის მას შემდეგ ჩამოცილდნენ, რაც მან განაცხადა, რომ მზად იყო ტუნას ყოველ კგ-ში 1275 დოლარი გადაეხადა.
აუქციონზე ყველაზე საუკეთესო ტუნას მყიდველი იამაგუჩი ზედიზედ მესამედ გახდა, თუმცა ამჯერად მან კგ-ში 170 ათასი იენი გადაიხადა, 2021 წელს კი კგ „სულ რაღაც" 80 ათასი იენი დაუჯდა.
აუქციონზე ცისფერ ტუნაში ყველაზე დიდი ფასი 2019 წელს გადაიხადეს. სუშის რესტორნების დიდი ქსელის ოპერატორ კომპანია Kiyomura-ს 278 კგ-იანი ცისფერი ტუნა 33,6 მილიონი იენი (იმდროინდელი კურსით 3,1 მილიონი დოლარი, ამჟამინდელი კურსით კი 2,53 მილიონი დოლარი ანუ 9 100 დოლარი ყოველ კილოგრამში) დაუჯდა.