ჰონკონგის ხელისუფლების ინფორმაციით, ქალაქის ტაი პოს რაიონში, საცხოვრებელი კორპუსების კომპლექსში გაჩენილი მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 55-მდე გაიზარდა. შვიდი ათწლეულის განმავლობაში მომხდარი ყველაზე მომაკვდინებელი ხანძრის გამო გამოძიება სისხლის სამართლის მუხლით დაიწყეს. 

ჰონკონგისთვის საშიშროებით უმაღლესი, მე-5 დონის ხანძრის საქმეზე ჩინეთის პოლიციამ შემთხვევასთან დაკავშირებული 3 პირი დააკავა.

სახანძრო დეპარტამენტის ცნობით, შემთხვევის ადგილზე 51 ადამიანი დაიღუპა, სხვა 4 საავადმყოფოში გარდაიცვალა, მათ შორის, ერთი მეხანძრე, ხოლო დამატებით 72 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან 15-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

შეგახსენებთ, რომ საცხოვრებელი კომპლექსი, რომელშიც ხანძარი გაჩნდა, 2 000 ბინას მოიცავს და ჯამში რვა კორპუსისგან შედგება.

ხანძრის გაჩენამდე კორპუსები ბამბუკის ხარაჩოებით იყო გარშემორტყმული და სოციალურ ქსელებში გავრცელებული პოსტების მიხედვით, მცხოვრებლები ამბობენ, რომ კომპლექსში რემონტი დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ჰონკონგი ერთ-ერთი ბოლო ადგილია მსოფლიოში, სადაც ბამბუკისგან დამზადებული ხარაჩოები ჯერ კიდევ ფართოდ გამოიყენება მშენებლობაში. Reuters-ის ცნობით, ხანძარი ძლიერმა ქარმაც გააუარესა.

მთავრობამ, უსაფრთხოების საბაბით, ქალაქში ბამბუკის ხარაჩოების გამოყენებაზე შეზღუდვები მარტში შემოიღო და გამოაცხადა, რომ სახელმწიფო სამშენებლო სამუშაოების 50%-ში ლითონის ჩარჩოების გამოყენება სავალდებულო გახდებოდა.