ჰეზბოლას მიერ ისრაელის ტერიტორიაზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად, გოლანის მაღლობებზე მდებარე ქალაქ მაჯდ ალ-შამსში 11 ადამიანი დაიღუპა.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ დაღუპულები 20-წლამდე ასაკის არიან, უმეტესობა კი არასრულწლოვანია - ლიბანიდან ნასროლი რაკეტა ქალაქის ერთ-ერთ სპორტულ მოედანზე ჩამოვარდა, რა დროსაც იქ ბავშვები იმყოფებოდნენ. მძიმედ დაშავებულია 40-მდე ადამიანი.
IDF-ის პრესსპიკერის, დენიელ ჰაგარის თქმით, პირველადი გამოძიებით დადგინდა, რომ დარტყმა ირანის მარიონეტულმა ჰეზბოლამ განახორციელა. დღის განმავლობაში ჰეზბოლა აცხადებდა, რომ ისრაელის მიმართულებით 40-მდე რაკეტა გაუშვა, თუმცა ინციდენტთან შემხებლობას უარყოფს. ჰაგარის თქმით, უკვე დაწყებულია გამოძიება იმაზეც, თუ რატომ ვერ გაუმკლავდა საჰაერო თავდაცვის სისტემა რაკეტას.
ჰეზბოლას სარაკეტო იერიშს წინ უძღოდა ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმა ლიბანის ტერიტორიაზე, რომელსაც დაჯგუფების 4 მებრძოლი ემსხვერპლა.
ჰეზბოლას მიერ მებრძოლების დაღუპვის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მებრძოლები იერუსალიმის გზაზე დაიღუპნენ - ამგვარად ჰეზბოლა ისრაელის დარტყმებისას მოკლულ ჯარისკაცებს მოიხსენიებს.