"ქაოსის და ნგრევის უკან, რომელიც ახლა უკრაინაში მიმდინარეობს და 2008 წელს საქართველოში ხდებოდა და ასევე მსოფლიოს ბევრ სხვა ტერიტორიაზე, მათ შორის სირიაში, საჰელში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, დგას რუსეთი", - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, როგორ შეაფასებდა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველმა ხალხმა ოს ხალხს 2008 წლის ომის გამო ბოდიში უნდა მოუხადოს.
"ევროკავშირის პოზიცია ყოველთვის კრისტალურად ნათელია, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ არა მხოლოდ დეკლარაციებით და სიტყვებით, არამედ საქმითაც, თქვენ გაქვთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადგილზე, გყავთ ევროკავშირის დამკვირვებლები, რომლებიც მხარს უჭერენ ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებიც იტანჯებიან რუსეთის ოკუპაციის გამო.
რაც შეეხება 2008 წლის ომს, ნება მომეცით, გარკვევით ვთქვა, რომ ქაოსის, ნგრევის უკან, რომელიც ახლა უკრაინაში მიმდინარეობს და 2008 წელს საქართველოში ხდებოდა და ასევე მსოფლიოს ბევრ სხვა ტერიტორიაზე, მათ შორის სირიაში, საჰელში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, დგას რუსეთი. რუსეთი ყოველთვის დაინტერესებული იყო და დაინტერესებულია დესტაბილიზაციით, ქაოსით. ჩვენთვის, ევროკავშირისთვის რუსეთის ნეოკოლონისტური და იპერიალისტური ამბიციები მიუღებელია. მოვუწოდებთ ყველას, პატივი სცენ კანონის უზენაესობას. მიუღებელია, როდესაც უფრო დიდი და ძლიერი ქვეყანა იჭრება უფრო პატარა მეზობლის ტერიტორიაზე. სწორედ ამიტომ ვდგავართ უკრაინის გვერდით და სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას", - აღნიშნა დიპლომატმა.