თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყაროების ინფორმაციით, უწყებაში საქართველოს ელჩი ანკარაში, არჩილ კალანდია დაიბარეს. მიზეზი ბათუმში გამართულ „ბეშიქთაშის“ საფეხბურთო მატჩზე მომხდარი ინციდენტებია.

როგორც გამოცემა TRT Haber დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, შეხვედრაზე ქართულ მხარეს უეფას ევროპა ლიგის ფარგლებში ბათუმში გამართული მატჩის დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პროტესტი გადაეცა.

ამავე წყაროების ცნობით, თურქულმა მხარემ ელჩს ინციდენტის ამსახველი მტკიცებულებებიც წარუდგინა.

გავრცელებული ინფორმაციით, ანკარა მომხდარის ყოველმხრივ გამოძიებასა და იმ პირების მიმართ სამართლებრივი ზომების გატარებას მოითხოვს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან თურქეთის მოქალაქეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე.

უწყებას ამ საკითხზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.

წყარო: TRT Haber

მოამზადა რაულ კაპანაძემ