გვსურს, უკრაინა ევროკავშირის წევრი 2030 წლამდე გახდეს, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ვილნიუსში, პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ნაუსედას თქმით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ლიეტუვის სტრატეგიულ ინტერესებშია.
„ლიეტუვას სურს, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი 2030 წლამდე გახდეს. ეს იქნება გადამწყვეტი ნაბიჯი გრძელვადიანი სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მთელ რეგიონში. ეს არის ლიეტუვის სტრატეგიული ინტერესი, რომელზეც ჩვენ გვსურს, გავაგრძელოთ ფოკუსირება ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის დროს, 2027 წელს“, – განაცხადა ნაუსედამ.
ამასთან, ლიეტუვის პრეზიდენტი გამოეხმაურა უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე რუსეთის თავდასხმების გააქტიურებას. მისი თქმით, ეს მეტყველებს, რომ რუსეთი არ თანხმდება ომში ცეცხლის შეწყვეტაზე.
„ომის დაწყებიდანვე ლიეტუვა და პოლონეთი უკრაინას სამხედრო, ფინანსურ, ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უწევენ. ლიეტუვამ უკვე გაუწია უკრაინას ერთი მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარება. რუსეთის შეკავება ასევე დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა იყო. პრეზიდენტმა ზელენსკიმ წარმოადგინა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ინიცირებული უკრაინასთან დაკავშირებული მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების ბოლო პროგრესი. ნებისმიერი მომავალი შეთანხმება უნდა უზრუნველყოფდეს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა ნაუსედამ.
ამასთან, პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ აღნიშნა, რომ ეჭვი არ ეპარება, სტრატეგიული თვალსაზრისით, უკრაინის გზა დასავლური ცივილიზაციისკენ მიდის, ან მისი ნაწილია, თუმცა კონკრეტული თარიღების დასახელებისგან თავი შეიკავა.
„ეჭვი არ მეპარება, რომ სტრატეგიული თვალსაზრისით, უკრაინის გზა დასავლური ცივილიზაციისკენ მიდის, ან მისი ნაწილია. უკრაინის მიმართულება აშკარაა, მაგრამ, გთხოვთ, კონკრეტულ თარიღებზე ნუ მკითხავთ. ჩემთვის, გაწევრიანების პროცესის ცოდნის გათვალისწინებით, 2027 წელს ამის მიღწევა, ფორმალობებისა და შიდა საკითხების თვალსაზრისით, რომელთა შესახებაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ ჩემზე მეტი იცის, ნამდვილად რთულია“, – განაცხადა ნავროცკიმ.
თარგმანი: პირველი არხი








