ისრაელის ჯარებმა, ცეცხლი გაუხსნეს პალესტინელებს, რომლებიც სამხრეთ ღაზაში აშშ-სა და ისრაელის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფის მიერ მართულ განაწილების ცენტრებში საკვებს ეძებდნენ. შედეგად, სულ მცირე 32 ადამიანი დაიღუპა, -  განაცხადეს თვითმხილველებმა და საავადმყოფოს წარმომადგენლებმა.

„ჰამასის“ 2023 წლის 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელში შეჭრით პროვოცირებულმა ომმა ღაზის სექტორის მასშტაბური ნგრევა გამოიწვია, თითქმის 2 მილიონი  მოსახლეობა კი იძულებით გადაადგილების მსხვერპლი გახდა. გაუსაძლის პირობებში მყოფ მშვიდობიან პალესტინელებს მორიგი ტრაგედია შეერთებული შტატების და ისრაელის მხარდაჭერილი ჯგუფის მიერ მართულ საკვების განაწილების ცენტრებში მისვლის მცდელობისას დაატყდათ თავს. 

თვითმხილველ მაჰმუდ მოქეიმარის თქმით, ის ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად მიდიოდა საკვების გამანაწილებელი ცენტრისკენ, როდესაც ჯარისკაცებმა, რომელთა სიახლოვესაც აღმოჩნდნენ, ჯერ გამაფრთხილებელი სროლა დაიწყეს, შემდეგ კი ცეცხლი გახსნეს. 

„ეს იყო ხოცვა-ჟლეტა... ოკუპანტებმა ცეცხლი განურჩევლად გახსნეს ჩვენზე“, - თქვა მან. 

კიდევ ერთმა თვითმხილველმა, აკრამ აკერმა, განაცხადა, რომ ჯარისკაცებმა ცეცხლი გახსნეს ტანკებსა და დრონებზე დამონტაჟებული ტყვიამფრქვევებიდან. მან დასძინა, რომ სროლა დილის 5-დან 6 საათამდე მოხდა.

„მათ ალყა შემოგვარტყეს და პირდაპირ ჩვენკენ სროლა დაიწყეს“, - თქვა აკერმა. 

55 წლის სანა ალ-ჯაბერი ამბობს, რომ ტერიტორიის დატოვებისას ბევრი მკვდარი და დაჭრილი დაინახა.

„ჩვენ ვყვიროდით: „საჭმელი, საჭმელი!“, მაგრამ ისინი არ გველაპარაკებოდნენ. მათ უბრალოდ ცეცხლი გახსნეს“, - თქვა მან.

ჩემი 19 წლის ვაჟი დაიღუპა. იგი თავისი ხუთი ძმის და მამისთვის საკვების მოსატანად იყო წასული, - ამბობს დაღუპული 19 წლის ჰაშიმის მამა და იორდანიის მთავრობას სთხოვს დაეხმაროს ევაკუაციაში.  

სასურსათო უსაფრთხოების ექსპერტების თქმით, ღაზის სექტორში მცხოვრები დაახლოებით 2 მილიონი პალესტინელი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა. ისრაელი და „ჰამასი“ ბოლო კვირების განმავლობაში კატარში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. თუმცა, საერთაშორისო შუამავლები აცხადებენ, რომ მოლაპარაკებებს არანაირი გარღვევა არ მოჰყოლია, - წერს „ასოშეიტედ პრესი“