გერმანიამ მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს თავისი მდგრადობა იმ საფრთხეების მიმართ, რომლებიც, პირველ რიგში, რუსეთიდან მომდინარეობს. ამის შესახებ ორშაბათს, 5 ოქტომბერს, გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის (BND) ხელმძღვანელმა მარტინ იეგერმა ბუნდესტაგის სპეცსამსახურებზე კონტროლის საპარლამენტო კომიტეტის ღია მოსმენაზე განაცხადა.

"რუსეთი ჩვენს წინააღმდეგ ჩრდილოვან ომს აწარმოებს", — ხაზგასმით აღნიშნა იეგერმა. მისი თქმით, მოსკოვი ზეწოლის ინსტრუმენტების ფართო სპექტრს იყენებს, მათ შორის, დაშინების კამპანიებს. დაბალი ინტენსივობის აქციები NATO-ს ცალკეული ქვეყნების წინააღმდეგ უკვე აღარ არის გამონაკლისი. მისივე თქმით, რუსეთი ასევე მიმართავს ქმედებებს, რომლებიც მიზნად ისახავს კიევისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდების ჩაშლას. BND-ის ხელმძღვანელის შეფასებით, ამჟამინდელი კონფრონტაცია უკვე გასცდა ჩვეულებრივი პოლიტიკური დაპირისპირების ფარგლებს. მან გააფრთხილა, რომ პერსპექტივაში არ არის გამორიცხული შემდგომი ესკალაცია, თუ ამჟამინდელი ტენდენციები შენარჩუნდება.

"შექმნილ ვითარებაში გერმანიის სპეცსამსახურები "თავდაცვის პირველ ხაზს" წარმოადგენენ", — აღნიშნა იეგერმა.

კონსტიტუციის დაცვის ფედერალური უწყების (BfV) ხელმძღვანელმა, სინან სელენმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ რუსეთი ავლენს მზადყოფნას არა მხოლოდ დივერსიებისთვის, არამედ მკვლელობებისთვისაც. მისი თქმით, მსგავსი ქმედებების არსენალში ასევე შედის დეზინფორმაციული კამპანიები და ტერაქტების მცდელობები.

სელენმა მაგალითად მოიყვანა ინციდენტი ჰალე/ლაიფციგის აეროპორტში, სადაც აგვისტოს დასაწყისში უკრაინული სატვირთო თვითმფრინავების მახლობლად ასაფეთქებელი ნივთიერებით სავსე უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს. "ჩვენ უკვე მივაღწიეთ წარმატებებს მსგავსი საფრთხეების აღკვეთაში", — განაცხადა BfV-ის ხელმძღვანელმა. თუმცა, მისი შეფასებით, სიტუაცია კვლავ უარესდება, ამიტომ, გერმანიის სპეცსამსახურებმა შემდგომშიც უნდა გააძლიერონ თავიანთი შესაძლებლობები.

სპეცსამსახურების ხელმძღვანელთა განცხადებები ბუნდესტაგში ფედერალური სადაზვერვო სამსახურისა და კონსტიტუციის დაცვის ფედერალური უწყების უფლებამოსილებების გაფართოების შესახებ კანონპროექტის განხილვის ფონზე გაჟღერდა. დოკუმენტი ითვალისწინებს, რომ ცალკეულ შემთხვევებში სპეცსამსახურებს შეეძლებათ არა მხოლოდ ინფორმაციის შეგროვება, არამედ ოპერატიული მოქმედებების ჩატარება, კერძოდ, კიბერთავდასხმებთან დასაპირისპირებლად და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ობიექტების წინააღმდეგ მიმართული დივერსიების აღსაკვეთად.