ლიეტუვაში, ბულგარეთსა და პოლონეთში სატელიტური ქსელის, Starlink-ის ობიექტების გადაწვაში მონაწილეობისთვის ორი ეჭვმიტანილი გერმანიაშია დაკავებული და პატიმრობაში იმყოფება. ამის შესახებ ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე ლიეტუვის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა განაცხადეს.

ლიეტუვის კრიმინალური პოლიციის ბიუროს უფროსის მოადგილის, საულიუს ბრიგინასის თქმით, გერმანიაში მცხოვრები ორივე დაკავებული დაახლოებით 20 წლისაა, ერთ-ერთ მათგანს გერმანიისა და თურქეთის მოქალაქეობა აქვს, მეორე კი - გერმანიისა და სერბეთის მოქალაქეა.

"ეს პირები ლიეტუვაში დანაშაულის ჩადენის წინა დღეს ჩავიდნენ და ჩადენისთანავე დატოვეს ლიეტუვა", - ციტირებს გამოცემა Delfi ბრიგინასის სიტყვებს, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეჭვმიტანილებს არანაირი კავშირი არ აქვთ ლიეტუვასთან და ისინი იქ სპეციალურად დანაშაულის ჩასადენად ჩავიდნენ.

გამოძიების ვერსიით, ისინი ოქტომბრის შუა რიცხვებში ვილნიუსში, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე Starlink-ის აღჭურვილობის გადაწვის მცდელობაში მონაწილეობდნენ. თავდასხმისთვის გამოყენებული იყო ადვილად აალებადი სითხეები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, თუმცა მასშტაბური ხანძრის თავიდან აცილება მოხერხდა.

ბრიგინასმა ასევე განაცხადა, რომ საგამოძიებო ორგანოები პირდაპირ კავშირს ხედავენ გერმანიაში დაკავებულ ახალგაზრდებსა და Starlink-ის ანტენების გადაწვას შორის არა მხოლოდ ლიეტუვაში, არამედ პოლონეთსა და ბულგარეთშიც. "პირები, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ლიეტუვაში ამ დანაშაულის ჩადენაში, იგივე პირები არიან, რომლებსაც ბულგარეთში ანალოგიური დანაშაულის ჩადენაში ედებათ ბრალი", - განმარტა მან.

იმავე დღეს დიუსელდორფის უმაღლესმა სამხარეო სასამართლომ შემდგომი ექსტრადიციის მიზნით პატიმრობაში დატოვა დუისბურგსა და მეზობელ მიორსში მცხოვრები გერმანიის ორი 19 წლის მოქალაქე, რომლებიც გასულ პარასკევს დუისბურგში დააკავეს. როგორც სასამართლოში და დიუსელდორფის გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს, მათ მიმართ მოქმედებს ბულგარეთის მიერ გაცემული ევროპული დაკავების ორდერები.

საქმის მასალების თანახმად, 9 ოქტომბერს მათ სოფიას სამხრეთით Starlink-ის რვა ანტენა გადაწვეს. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში მათ სამიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

სექტემბრის ბოლოს ხანძარი გაჩნდა ქსელის მიწისზედა სადგურზე ვარშავის მახლობლად. პოლონეთის ხელისუფლებამ მანამდე განაცხადა, რომ ამ ქმედებებში შესაძლოა, რუსეთის სპეცსამსახურები იყვნენ ჩართულნი.

Starlink-ის ქსელი უკრაინის შეიარაღებული ძალების კავშირგაბმულობის სისტემის ერთ-ერთ საკვანძო ელემენტად ითვლება, მისი ობიექტები კი უკვე არაერთხელ გამხდარა დივერსიების სამიზნე.