უკრაინულმა უწყებებმა და საწარმოებმა გერმანულ კომპანიებთან 15 დოკუმენტს მოაწერეს ხელი და 8,5 მილიარდი ევროს ოდენობის შეთანხმებებს მიაღწიეს. ხელმოწერა უკრაინულ-გერმანული ბიზნესფორუმის მსვლელობისას გაიმართა, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი მონაწილეობდნენ.
"თუ ამ ომის დროს გერმანია გვეხმარებოდა და ეს იყო წვლილი ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში, ახლა ჩვენ გვექნება შეკვეთა. დიდი პაკეტი. ასევე ვვარაუდობ, რომ გერმანიაში არსებულ კომპანიას შეკვეთებით სრულად უზრუნველვყოფთ. გავაძლიერებთ ჩვენს საჰაერო თავდაცვას, თანხებს კი ევროპული კრედიტის მეორე ნაწილიდან ავიღებთ", — ციტირებს ზელენსკის უკრაინის პრეზიდენტის ოფისის პრესსამსახური.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ კომპანია Diehl Defence-თან ხელი მოაწერა ურთიერთგაგების სამ მემორანდუმს IRIS-T-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების, ასევე საბრძოლო მასალების მიწოდების შესახებ. გარდა ამისა, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს კომპანია Hensoldt-თან რადარების შესყიდვაზე და კომპანია Quantum Systems-თან დრონ-გზაგადამჭრელების ტესტირებისა და მიწოდების თაობაზე.
თავის მხრივ, უკრაინის ეროვნულმა გვარდიამ და კომპანია Quantum Systems GmbH-მა მოაწერეს ხელი კონტრაქტს გერმანიაში უკრაინული დრონების წარმოების ლოკალიზაციის შესახებ, ხოლო უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა და კომპანია Alpha Robotics Germany-მ მოაწერეს ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს ხანძარსაწინააღმდეგო და სამაშველო სამუშაოების სფეროში უპილოტო სისტემების გამოყენებით თანამშრომლობის თაობაზე.
გარდა ამისა, ეროვნულმა ენერგეტიკულმა კომპანია "უკრენერგომ" და გერმანიის ელექტროქსელების ორმა ოპერატორმა, 50Hertz-მა და Amprion-მა, ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის დახმარებას ენერგოსისტემის აღდგენისა და მდგრადობის ამაღლებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი აღჭურვილობის მიღებაში.
უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ და "ნაფტოგაზმა" ურთიერთგაგების მემორანდუმები გააფორმეს გერმანულ კომპანია Siemens Energy-სთან. "ენერგეტიკის სამინისტროსთან თანამშრომლობის ძირითადი საგანია უკრაინის საჭიროებებისთვის Siemens Energy-ს 12 გაზტურბინული დანადგარის გამოყენების შესაძლებლობის დამუშავება. Siemens Energy-სა და ჯგუფ "ნაფტოგაზის" შეთანხმებები ითვალისწინებს თანამშრომლობის გაფართოებას ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის, მიწისქვეშა გაზსაცავების მოდერნიზაციისა და ელექტროენერგიის წარმოების პროექტების განვითარების საკითხებში", — ნათქვამია შეტყობინებაში.
შეთანხმებები ასევე გაფორმდა კომპანიებს Quantum Systems-სა და Fire Point-ს, ARX Robotics-სა და Roboneers-ს, Helsing-სა და Culver Aerospace-ს შორის.




