აშშ-ში რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრ დარჩიევი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს Telegram არხზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"უმაღლესი დონის პროფესიონალი, ბრწყინვალე ამერიკანისტი, ა.ნ. დარჩიევი მუშაობდა რუსეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე საპასუხისმგებლო მიმართულებაზე", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში. დიპლომატის გარდაცვალების მიზეზი არ ზუსტდება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიის თანახმად, ალექსანდრ დარჩიევი დიპლომატიურ საქმიანობას 1992 წლიდან ეწეოდა. 2005-2010 წლებში ეკავა აშშ-ში რუსეთის საელჩოს მრჩეველ-დესპანის თანამდებობა, ხოლო 2014-2020 წლებში - იყო რუსეთის ელჩი კანადაში. გარდა ამისა, 2010-2014 და 2021-2024 წლებში იგი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩრდილოეთ ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი გახლდათ.

2025 წლის დასაწყისში დარჩიევი სტამბოლში აშშ-სთან გამართულ მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა. იმავე წლის მარტში ის ვაშინგტონში ქვეყნის ელჩი გახდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლოს დარჩიევი საჯარო ღონისძიებაზე 23 სექტემბერს გამოჩნდა, როდესაც ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, მონაწილეობდა მინისტრ სერგეი ლავროვისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარკო რუბიოს მოლაპარაკებებში. 20 სექტემბერს კი ელჩმა დუმის არჩევნებისთვის დიპლომატიური მისიის შენობაში საარჩევნო უბანი გახსნა.