ევროკომისიამ გაფართოების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, თუ საქართველო კურსს არ შეცვლის, ევროკომისია ვერ გასცემს რეკომენდაციას, განიხილონ მოლაპარაკებების დაწყება.
"ევროკავშირი რჩება ერთგული კიდევ უფრო გააღრმაოს პარტნიორობა საქართველოსთან ქვეყნის მოსახლეობის დიდი უმრავლესობის მისწრაფებების შესაბამისად. ვიდრე საქართველო ამჟამინდელ კურსს არ შეცვლის, რომელიც საფრთხეს უქმნის ევროკავშირისკენ სვლას და გამოამჟღავნებს რეალურ მცდელობებს განსაკუთრებული შეშფოთების და საკვანძო რეფორმების საპასუხოდ, კომისია ვერ შეძლებს, გასცეს რეკომენდაცია, განიხილონ საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება", - ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა გადადგამდა შესაბამის ნაბიჯებს, რასაც კომისიის მიერ 2023 წლის 8 ნოემბერს გაცემული რეკომენდაცია ითვალისწინებდა.
"2023 წლის დეკემბერში საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას არ მოჰყოლია ხელისუფლების სათანადო ძალისხმევა ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე აუცილებელი რეფორმების განსახორციელებლად. პირიქით, მნიშვნელოვანმა ნეგატიურმა მოვლენებმა, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის და "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანების დაცვის" საკანონმდებლო პაკეტის მიღებამ ისევე, როგორც ქართველი თანამდებობის პირების მკვეთრმა ევროკავშირის საწინააღმდეგო ნარატივებმა, დიდი ზიანი მიაყენა საქართველოს ევროპულ ტრაექტორიას. შედეგად, საქართველოს ევროკავშირში შესვლის პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია", – ნათქვამია ანგარიშში.
რაც შეეხება ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ 9 პრიორიტეტს, რომელთა შესრულებაც შემდეგ ეტაპზე გადასვლის, ანუ გაწევრების მოლაპარაკებების გახსნის წინაპირობა იყო, ევროკომისია აღნიშნავს, რომ 9 პრიორიტეტის შესრულების თვალსაზრისით საქართველოს "უმნიშვნელო პროგრესი" აქვს.
რა პირობებს უყენებს კომისია საქართველოს
საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დასაბრუნებლად ევროკომისია ქვეყნის ხელისუფლებას რამდენიმე პირობას უყენებს:
"საქართველო უნდა დაუბრუნდეს 9 პრიორიტეტის განხორციელებას.
საქართველომ უნდა გააუქმოს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი;
საქართველომ უნდა გააუქმოს "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტი.
საქართველომ თავი უნდა შეიკავოს სხვა ისეთი ქმედებებისგან, რაც ძირს უთხრის კანონის უზენაესობის და ფუნდამენტური უფლებების დაცვას.
საქართველომ ასევე უნდა განაახლოს ძალისხმევა გენდერული თანასწორობის მისაღწევად.
საქართველოს თანხვედრა ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან რჩება დაბალი. ევროკავშირს მიერ რუსეთის და ბელარუსის წინააღმდეგ შემოღებულ სანქციებთან არმიერთების მიუხედავად, საქართველომ ძალისხმევა გასწია სანქციებისთვის გვერდის ავლის აღსაკვეთად.
ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს დეზინფორმაციის გავრცელება ევროკავშირის ღირებულებების წინააღმდეგ და ამის ნაცვლად გააძლიეროს ქმედებები დეზინფორმაციასთან საბრძოლველად და მტრული პოლიტიკური რიტორიკის დასაძლევად.
ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ მედიის, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების და აქტივისტების წინააღმდეგ თავდასხმები სათანადოდ იყოს გამოძიებული.
ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯები ელიტური დონის კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად.
ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯები ოლიგარქიული გავლენის აღმოსაფხვრელად.
ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, სამართალდამცავი უწყებების მუშაობაზე საკმარისი საჯარო და საპარლამენტო ზედამხედველობა, ასევე საჯარო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გარანტია".