გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა სირიის ქალაქ ალეპოში შექმნილი ვითარების გამო შეშფოთება გამოთქვა,-ინფორმაცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.

"ბან კი მუნმა სირიაში გაერო-ს სპეციალურ წარმომადგენელს, სტეფან დე მისტურას კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შორის სიტუაციის განხილვა დაავალა“,-ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაცია მხარეებს შეახსენებს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა დაცული უნდა იყოს. გაერო-ს გენერალური მდივანი ასევე კონფლიქტის მონაწილეებს მიმართავს, რომ მათ საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და ადამიანთა უფლებებს პატივი უნდა სცენ.

მანამდე, სირიის ხელისუფლებამ აღიარა, რომ ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა ქალაქი პალმირა კვლავ დაიკავეს.

10 დეკემებრს ქალაქ პალმირაში განხორციელებულ თავდასხმებში „ისლამური სახელმწიფოს“ დაახლოებით 4 ათასი მონაწილეობდა.

ბრიტანეთში დაფუძნებული სირიის ადამიანთა უფლებადაცვის მონიტორინგის ცენტრის ცნობით, ექსტრემისტებმა მძიმე არტილერია და ბომბები გამოიყენეს.

ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები ქალაქ პალმირას 2015 წლის მაისიდან და 2016 წლის მარტამდე აკონტროლებდნენ. მათ ბევრი უძველესი ძეგლი გაანადგურეს, ხოლო არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორს თავი მოჰკვეთეს. ჯიჰადისტებმა ასევე ტრიუმფალური თაღი, სამი სვეტი და მრავალი ქანდაკება დაანგრიეს.