გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, აშშ-მ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებაც შეუწყვიტა, რამაც შესაძლოა სერიოზულად შეაფერხოს უკრაინის არმიის უნარი, მიზანში ამოიღოს რუსული ძალები. აღნიშნულ ცნობას გამოცემა საკითხში გარკვეულ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს.

აშშ-ს მხრიდან უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებაზე თანამშრომლობა არსებითი მნიშვნელობის იყო უკრაინისთვის, რათა აღმოაჩინონ და იერიში მიიტანონ რუსულ სამხედრო ობიექტებზე. Financial Times-თან ორმა მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომ აშშ-მ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება შეუწყვიტა, თუმცა ერთმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ აშშ განაგრძობს რუსეთსა და უკრაინაზე სადაზვერვო ინფორმაციის უახლოეს მოკავშირეებთან, მათ შორის გაერთიანებულ სამეფოსთან, გაზიარებას.

მანამდე, 3 მარტს კი ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპმა უკრაინისთვის ყველანაირი სამხედრო დახმარების შეჩერების ბრძანება გასცა. გამოცემები ინფორმაციას თეთრი სახლისა და თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ანონიმური მაღალჩინოსნის თქმით, აშშ უკრაინისთვის ყველა მიმდინარე სამხედრო დახმარებას აჩერებს, სანამ ტრამპი არ განსაზღვრავს, რომ უკრაინის პრეზიდენტი მშვიდობის მიღწევის მიზნისადმი ერთგულია.

მაღალჩინოსნის თქმით, ყველა სახის აშშ-ს სამხედრო დახმარება, რომელიც ამჟამად უკრაინაში არ იმყოფება, გაჩერდება, მათ შორის ის საბრძოლო მასალებიც, რომლებიც უკვე სამხედრო თვითმფრინავებსა და ხომალდებზეა, ან პოლონეთში უკრაინისთვის მისაწოდებლად არის გამზადებული.