მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის მთავრობა ცდილობს, აშშ-ს მხრიდან დაწესებული სანქციები თავიდან აარიდოს რუსული ნავთობკომპანია Rosneft-ის გერმანულ ბიზნესს, რომლის მფლობელობაშიც კვლავ რჩება სამი ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა, რომლებიც 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ სახელმწიფო ადმინისტრაციის ქვეშ მოაქციეს. 

Financial Times-ის ცნობით, ფრიდრიხ მერცის კოალიცია ცდილობს, აშშ-სგან მიიღოს გარანტიები, რომ ხსენებულ ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებს არ შეეხება ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შემოღებული შეზღუდვები, რომლებიც დასავლურ საფინანსო ინსტიტუტებსა და მომხმარებლებს სიაში შეყვანილ სუბიექტებთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებას უკრძალავენ.

"მთავრობა კონტაქტზეა შესაბამის ორგანოებთან ვაშინგტონში," განაცხადა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა.

გერმანიის მთავრობის თქმით, აშშ-ს ზომები გერმანიაში Rosneft-ის შვილობილ კომპანიებს არ უნდა შეეხოს, ვინაიდან ისინი უკვე "ჩამოაშორეს მათ რუსულ მშობელ კომპანიას."

ამასთან, გერმანიის მთავრობა ხაზი გაუსვა, რომ გაერთიანებული სამეფო, რომელმაც გასულ კვირას ასევე სანქციები დაუწესა Rosneft-სა და Lukoil-ს, დათანხმდა, რომ შეზღუდვები გერმანიაში მოქმედ ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე არ გავრცელდებოდა.

სანქციების გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში გაერთიანებულმა სამეფომ სპეციალური ლიცენზია გამოსცა, რომელიც ბიზნესებს Rosneft-ის ორ გერმანულ შვილობილთან საქმიანი ურთიერთობის დაჭერის ნებას რთავდა იმის საფუძველზე, რომ აღნიშნული სუბიექტები გერმანიის სახელმწიფოს კონტროლქვეშ არიან. Reuters-ის წყაროების თქმით, ეს ნაბიჯი გერმანიის მთავრობის მხრიდან ლობირების შედეგი იყო.