Financial Times-ზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის რიგი წევრი ქვეყნები ევროკომისიისგან რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენების საკითხზე ძალისხმევის განახლებას ითხოვენ.  

როგორც ცნობილია, ინიციატივით შვედეთი, ნიდერლანდები, ესპანეთი და პოლონეთი გამოდიან. მათი მიზანია, უზრუნველყოფილი იყოს უკრაინის გრძელვადიანი ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა, ასევე თავიდან იქნეს აცილებული კიევისთვის მოსალოდნელი საბიუჯეტო კრიზისი. საუბარია ევროკავშირის ტერიტორიაზე დაბლოკილ რუსულ აქტივებზე, რომელთა საერთო მოცულობა 200 მილიარდ ევროს აჭარბებს.

დიპლომატიური წყაროების ცნობით, აღნიშნული მოთხოვნა ევროკავშირის მომდევნო შვიდწლიანი ბიუჯეტის განხილვის ფონზე აქტიურდება. ინიციატორი სახელმწიფოები მიიჩნევენ, რომ რუსული აქტივების გამოყენება მნიშვნელოვნად შეამცირებს იმ ფინანსურ ტვირთს, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნულ ბიუჯეტებს აწევს.

მიუხედავად იმისა, რომ იურიდიულ მექანიზმებზე მუშაობა უკვე ხანგრძლივი დროა მიმდინარეობს, კონკრეტული და ეფექტიანი ნაბიჯების არარსებობამ ევროპულ დედაქალაქებში ახალი, დაჩქარებული გეგმის შემუშავების მოთხოვნა წარმოშვა. თავის მხრივ, მოსკოვი აცხადებს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებების განხორციელების შემთხვევაში მკაცრ სამართლებრივ საპასუხო ზომებს მიმართავს.