ბრაზილიიდან ფრინველის გრიპის მსხვერპლი ქათმების იმპორტს, ჯანმრთელობისთვის რისკების გამო, ბევრი ქვეყანა არიდებს თავს. ჩინეთის, მექსიკისა და ჩილეს მსგავსად, ბრაზილიიდან ქათმის ხორცის იმპორტი ევროკავშირმაც შეაჩერა. 

ბრაზილიიის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაადასტურა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში რიო-გრანდი-დუ-სულის შტატის ერთ-ერთ დიდ ფერმაში მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის აფეთქება და გავრცელებულ განცხადებაში მომხმარებლები დაამშვიდა, რომ დაავადება „ხორცის ან კვერცხის მოხმარებით არ გადადის“. და დასძინა:

„აფეთქების შეკავებისა და აღმოფხვრის ზომები უკვე მიღებულია“.

ბრაზილია ქათმის ხორცის მსოფლიოში უმსხვილესი ექსპორტიორია, ხოლო ჩინეთი ამ ექსპორტის მთავარი დანიშნულების ადგილი. ბრაზილიიდან ჩინეთში 2024 წელს 562 000 ტონაზე მეტი, ანუ მთლიანი ექსპორტის 10.89% გაიგზავნა. ევროკავშირში ბრაზილიიდან 231 000 ტონაზე მეტი ქათმის ხორცი შეიტანეს, რაც ამ პროდუქტის ექსპორტის 4.49%-ს შეადგენს.

ფრინველის გრიპის A ტიპი (H5N1) პირველად გამოვლინდა 1996 წელს ჩინეთში. აფეთქებების შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა 2020 წლიდან და მოიცვა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონი, მათ შორის, ანტარქტიდა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად წლის დასაწყისიდან 30 მილიონზე მეტი კვერცხმდებელი ქათამი დახოცეს. ამერიკულ ფერმებში ფრინველის გრიპის შემთხვევების ზრდამ მარაგი შეამცირა და კვერცხი შეერთებულ შტატებში ინფლაციის სიმბოლოდ აქცია.