ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დღეს განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში ომმა გამოავლინა ევროპის „მოწყვლადობა“ და მისი დამოკიდებულება წიაღისეულ საწვავზე და ევროპის მიერ სამოქალაქო ბირთვული ენერგეტიკაზე უარის თქმა „სტრატეგიულ შეცდომად“ მოიხსენია.
„როდესაც საქმე წიაღისეულ საწვავს ეხება, ჩვენ სრულად ვართ დამოკიდებული ძვირად ღირებულ და არასტაბილურ იმპორტზე, რაც სხვა რეგიონებთან შედარებით სტრუქტურულად არახელსაყრელ მდგომარეობაში გვაყენებს“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა პარიზში ბირთვული ენერგიის სამიტის გახსნაზე.
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისი „ნათელი შეხსენებაა იმ დაუცველობისა, რომელსაც ის ქმნის“, - დასძინა ევროკომისიის პრეზიდენტმა სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით.
„მიუხედავად იმისა, რომ 1990 წელს ევროპის ელექტროენერგიის მესამედი ბირთვული ენერგიით იწარმოებოდა, დღეს ეს მაჩვენებელი მხოლოდ დაახლოებით 15 პროცენტია“, - თქვა ფონ დერ ლაიენმა და გამოაცხადა, რომ ევროკავშირი გეგმავს ფინანსური მხარდაჭერის გაწევას 200 მილიონი ევროს გარანტიის სახით, რათა მხარი დაუჭიროს ინოვაციურ ბირთვულ ტექნოლოგიებში ინვესტიციებს.
თავის შესავალ სიტყვაში, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ხაზი გაუსვა, რომ ბირთვული ენერგიის სამოქალაქო გამოყენება უზრუნველყოფს ენერგეტიკულ სუვერენიტეტს. „ბირთვული ენერგია გადამწყვეტია დამოუკიდებლობის - და შესაბამისად, ენერგეტიკული სუვერენიტეტის - დეკარბონიზაციასთან და ნახშირბადის ნეიტრალიტეტის მიღწევასთან შეთავსებისთვის“, - თქვა მან.
მან ასევე მიუთითა მიმდინარე გეოპოლიტიკურ კონტექსტზე, რომელმაც აჩვენა ნახშირწყალბადებზე ზედმეტად დამოკიდებულება, რაც „შეიძლება გახდეს იძულების ან თუნდაც დესტაბილიზაციის ინსტრუმენტი“.
მაგალითად, მან მოიყვანა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი, რომელიც 28 თებერვალს დაიწყო ისრაელისა და შეერთებული შტატების ირანზე თავდასხმით. საპასუხოდ, ირანი ესხმის თავს ისრაელს და ამერიკულ ინტერესებს რეგიონის ქვეყნებში. დაძაბულობა ასევე იზრდება ჰორმუზის სრუტეში, ნავთობის ექსპორტის მთავარ მარშრუტში.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორის, რაფაელ გროსის თქმით, ამჟამად ბირთვული ენერგია გლობალური ელექტროენერგიის წარმოების დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენს. დაახლოებით 30 ქვეყანაში 450 რეაქტორი მუშაობს, „კიდევ 40 ქვეყანა იჩენს ინტერესს ბირთვული ენერგიის მიმართ“, - თქვა გროსიმ და მაგალითად მოიყვანა სამხრეთ აფრიკა და არგენტინა.
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ფატიჰ ბიროლმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა უნდა განავითარონ განახლებადი ენერგიის წყაროები - მზის, ქარის და სხვა - ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის უზრუნველსაყოფად და ამავდროულად აღადგინონ ატომური ენერგეტიკა - ენერგეტიკული ბალანსის მნიშვნელოვანი მდგენელი.




