ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი, რომელიც ბელგიის პოლიციამ თაღლითობის საქმეზე დააკავა, გაათავისუფლეს. მასთან ერთად გათავისუფლდა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ყოფილი გენერალური მდივანი სტეფანო სანინოვი.
ფედერიკა მოგერინი, 2020 წლიდან ევროპის კოლეჯის, ევროკავშირის დიპლომატებისა და საჯარო მოხელეებისთვის განკუთვნილი უმაღლესი სკოლის, რექტორის თანამდებობას იკავებს.
მედიის ინფორმაციით, გამოძიება დაინტერესებულია კოლეჯის მიერ ბრიუგეში, სადაც ეს დაწესებულება მდებარეობს, შენობის 3.2 მილიონ ევროდ ტენდერის გზით შეძენის გარემოებებით.
გამოძიება მიიჩნევს, რომ ევროპის კოლეჯსა და მის წარმომადგენლებს ჰქონდათ წვდომა კონფიდენციალურ სატენდერო ინფორმაციაზე, რომელიც წესით საიდუმლო უნდა ყოფილიყო სამართლიანი კონკურენციის უზრუნველსაყოფად.
გამოცემა Politico აღნიშნავს, რომ ბრალდებები არ არის დადასტურებული და მოგერინი, სანინო და დაკავებული სხვა პირი უდანაშაულოდ მიიჩნევიან, ვიდრე სასამართლო მათ დამნაშავედ არ ცნობს.
ფედერიკა მოგერინი იტალიელი პოლიტიკოსია, რომელიც 2014 წლის თებერვლიდან ოქტომბრამდე იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 2014 წლის ნოემბრიდან 2019 წლის ნოემბრამდე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობას იკავებდა.




