ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ (Fed) 16 სექტემბერს საპროცენტო განაკვეთი სამი წლის შემდეგ პირველად, 0.25 პროცენტული პუნქტით გაზარდა და 3.75-4.00%-მდე ასწია, რასაც ტრამპის მწვავე რეაქცია მოჰყვა.

„ჩვენ თითქმის მთელ მსოფლიოს ვათრევთ და ეს ასე ვეღარ გაგრძელდება. დაუყოვნებლივ შეამცირეთ საპროცენტო განაკვეთი ამერიკის შეერთებული შტატებში და სწრაფად! ჩვენ 1% და ნაკლები უნდა გვქონდეს!“ - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

რატომ განრისხდა ტრამპი?

ტრამპი თვეებია ითხოვს საპროცენტო განაკვეთის დაწევას, Fed-მა კი პირიქით - გაზარდა. საყურადღებოა, რომ Fed-ის თავმჯდომარე კევინ უორში პრეზიდენტმა ტრამპმა მაისში დანიშნა და მისგან განაკვეთის დაწევას ელოდა.

Fed-მა საპროცენტო განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით გაზარდა.

       ძველი განაკვეთი: 3.50 - 3.75

       ახალი განაკვეთი: 3.75 - 4.00

ეს პირველი ზრდაა 2023 წლის შემდეგ. Fed-მა გადაწყვეტილების მიზეზად თვეების მანძილზე შენარჩუნებული, მყარად მაღალი ინფლაცია დაასახელა - სამომხმარებლო ფასები ბოლო 12 თვეში 3.4%-ით გაიზარდა.

რას ნიშნავს განაკვეთის ზრდა?

Fed-ი საპროცენტო განაკვეთის მაშინ ზრდის, როცა ფასების ზრდის- ინფლაციის - შეჩერება უნდა. მაღალი განაკვეთი სესხ აძვირებს. ხალხი ნაკლებს ხარჯავს და ინფლაცია სუსტდება.

უარყოფითი მხარე:

იპოთეკა, ავტო-სესხები, საკრედიტო ბარათების, ბიზნეს-სესხები გაძვირდება;

რიგითი ამერიკელისთვის მანქანის და სახლის ყიდვა უფრო ძვირი გახდება;

ინვესტიციები მოიკლებს.

დადებითი მხარე:

გრძელვადიან პერიოდში პროდუქტებზე, საწვავზე და ქირაზე ფასები დასტაბილურდება;

მეანაბრეები ბანკში შეტანილ ფულზე უფრო დიდი სარგებელს მიიღებენ;

დოლარი გამყარდება, რაც იმპორტს გააიაფებს. 

Fed-ი ოქტომბრის სხდომაზე, ანუ შუალედურ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, განაკვეთის კიდევ ერთ ზრდას არ გამორიცხავს, რაც ტრამპის ადმინისტრაციას და Fed,-ს შორის დაპირისპირებას კიდევ უფრო გაამწვავებს.

მოამზადა რაულ კაპანაძემ