სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა ერევნის მზადყოფნა, დადოს სამშვიდობო შეთანხმება აზერბაიჯანთან ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივი აღიარებით, რაც პრაქტიკაში მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებაზე უარს ნიშნავს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

"სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება რეალური გახდება, თუ ორივე ქვეყანა მკაფიოდ, ბუნდოვანებისა და ორაზროვნების გარეშე აღიარებს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და ერთხელ და სამუდამოდ აიღებს ვალდებულებას არ წამოაყენოს ტერიტორიული პრეტენზიები", - განაცხადა ფაშინიანმა.

მან აღნიშნა, რომ ეს დებულება აზერბაიჯანულ მხარესთან შეთანხმებული იყო 2022 წლის ოქტომბერში, პრაღასა და სოჭში გამართულ მაღალი დონის შეხვედრებზე.

"მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ სომხეთის რესპუბლიკა სრულად აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენ ველით, რომ აზერბაიჯანი იმავეს გააკეთებს სომხეთის მთელი ტერიტორიის სომხეთის რესპუბლიკად აღიარებით", - განაცხადა ფაშინიანმა.