კრემლმა და რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის რეგიონებს უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის მისაღებად 2026 წლის ბოლომდე კონტრაქტით 409 ათასი სამხედრო მოსამსახურის აყვანა დაავალეს. ამ გეგმის შესასრულებლად ხელისუფლება ადგილობრივ მთავრობებზე ზეწოლას აძლიერებს და ცდილობს, თავიდან აიცილოს მობილიზაციის ახალი ტალღის გამოცხადება.

ინფორმაციას „ფაინენშალ თაიმსი“ ავრცელებს.

„პუტინი უარს აცხადებს სამხედრო სტრატეგიის შეცვლაზე, რომელიც ეფუძნება მზადყოფნას, რუსეთმა უკრაინაში მეტი ჯარისკაცი დაკარგოს, მიუხედავად იმისა, რომ, დასავლეთის შეფასებებით, მოსკოვის დანაკარგები თვეში 30 ათას ადამიანს აღემატება“, – ნათქვამია სტატიაში.

გამოცემა აღნიშნავს, რომ კონტრაქტით აყვანილ სამხედროებს ძირითადად არა მომზადებული რეზერვების შესაქმნელად, არამედ ფრონტზე დანაკარგების შესავსებად იყენებენ.

ფაინენშალ თაიმსის“ შეფასებით, რუსეთის შეტევის ტემპი დაბალი რჩება, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი რეგულარულად ცდილობს სამხედრო დაჯგუფების რაოდენობის გაზრდას. გამოცემის ინფორმაციით, გეგმის შესასრულებლად რეგიონებში ზეწოლის სხვადასხვა მეთოდს იყენებენ: მამაკაცების ქუჩებში დაკავებას, მაღალჩინოსნების ვიზიტებს, მოვალეების, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირებისა და ახლად დემობილიზებული წვევამდელი სამხედროების გადაბირებას.

ფაინენშალ თაიმსის“ ინფორმაციით, პენზაში პოლიცია სამუშაო ადგილებზე რეიდებს ატარებდა და ქუჩებიდან ადამიანები სამხედრო კომისარიატებში გადაჰყავდა, სადაც მათ კონტრაქტებზე ხელმოწერას აიძულებდნენ. მსგავსი რეიდები სხვა ქალაქებსა და რუსეთის რეგიონებშიც ჩატარდა, მათ შორის ულიანოვსკში, სადაც მამაკაცმა, რომელსაც ერთი თვალი დაკარგული ჰქონდა, განაცხადა, რომ კონტრაქტზე ხელმოწერა აიძულეს. ასევე, დონის როსტოვში, სადაც პოლიციამ ადგილობრივი ქარხნის 35 თანამშრომელი „დააკავა“.

უფლებადამცველი ორგანიზაციის, Peace Plea-ს მონაცემებით, სამხედრო ნაწილის თვითნებურად დატოვებისთვის რუსეთის არანაკლებ 28 ათასი სამხედრო მოსამსახურე უკვე გასამართლებულია. „ფაინენშალ თაიმსთან“ საუბარში „კარნეგის ფონდის“ სამხედრო ექსპერტი მაიკლ კოფმანი მიიჩნევს, რომ რეკრუტირების ტემპის გაზრდის ან ახალი მობილიზაციის გარეშე რუსეთის არმია პირადი შემადგენლობის დეფიციტს შეეჯახება, რაც მის შეტევით შესაძლებლობებზე უარყოფითად აისახება.