რუსეთისა და სირიის წარმომადგენლებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც სირიის ტერიტორიაზე განთავსებული რუსული სამხედრო ობიექტების სამომავლო სტატუსსა და მათი ფუნქციონირების პირობებს განსაზღვრავს.
შეთანხმება გულისხმობს არსებული სამხედრო ობიექტების — კერძოდ, ხმეიმიმის საავიაციო ბაზისა და ტარტუსის სამხედრო-საზღვაო ბაზის ტექნიკურ განახლებასა და, შესაძლოა, ტერიტორიულ გაფართოებას.
დოკუმენტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მოსკოვსა და დამასკოს შორის სტრატეგიულ სამხედრო პარტნიორობას და სირიის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო კონტინგენტის ხანგრძლივად დარჩენის სამართლებრივ გარანტიებს ქმნის.
მხარეები თანხმდებიან ერთობლივი უსაფრთხოების კონტროლის გაძლიერებაზე, რაც მიზნად ისახავს რეგიონში არსებული საფრთხეების წინააღმდეგ კოორდინირებულ მოქმედებას.
რუსეთის სამხედრო ძალები სირიაში ოფიციალურად 2015 წლიდან იმყოფებიან.
სირიაში მდებარე სამხედრო ობიექტები წარმოადგენს რუსეთის უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ დასაყრდენს ახლო აღმოსავლეთსა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონში. ტარტუსის პორტი და ხმეიმიმის საჰაერო ბაზა მოსკოვს საშუალებას აძლევს, შეინარჩუნოს და გააფართოოს საკუთარი გეოპოლიტიკური გავლენა რეგიონში.




